პროპორციული საარჩევნო სისტემა

უგულავა: თალაკვაძემ აღიარა, რომ ხალხს თავიდანვე ატყუებდნენ, ეს გულწრფელი რეგვენობაა

ტაბულა

"მივესალმები გულწრფელ რეგვენობას" - ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, განცხადებაზე, რომ 24 ივნისს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება მმართველმა გუნდმა პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად გასცა. 

"აღიარა, რომ თავიდანვე ატყუებდნენ ხალხს. ეს რეგვენის პოზიციაა, მაგრამ უნდა დავუფასოთ ბატონ თავმჯდომარეს, რომ ამავე დროს არის გულწრფელი რეგვენი იმიტომ, რომ გულწრფელობა კარგი თვისებაა," - ამბობს გიგი უგულავა. 

28 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მისულმა თალაკვაძემ კითხვაზე, თუკი ოპოზიცია დესტრუქციული ქმედებებით გამოირჩეოდა, მაშინ რატომ დათანხმდნენ მათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე, უპასუხა, რომ პოლიტიკური კრიზისი იყო შექმნილი. 

"ჩვენ გავაანალიზეთ ეს სიტუაცია, ჩავთვალეთ, რომ სიტუაციის განმუხტვა იყო შესაძლებელი, თუ პროპორციულ სისტემაზე შეთავაზებას გავაკეთებდით და ეს გადაწყვეტილება მიიღო და გამოაცხადა პარტიის თავმჯდომარემ,"- თქვა თალაკვაძემ. 

20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის ძალადობრივად დარბევას პარლამენტთან კიდევ უფრო მეტი ადამიანის მობილიზება მოჰყვა და რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი მასშტაბური აქციების გამო გადაიკეტა. 

აქციას სამი მთავარი მოთხოვნა ჰქონდა, რომელთაგან ერთერთი 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო. 

24 ივნისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ამ მოთხოვნის შესრულების პირობა დადო. მმართველი გუნდის წევრები რამდენიმე თვის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ეს მათი ინიციატივა იყო, 14 ნოემბერს კი "მათივე ინიციატივა" პარლამენტში კენჭისყრის დროს ჩააგდეს, რასაც რუსთაველის გამზირზე პროტესტის განახლება და ოპოზიციური სპექტრის საერთო მოთხოვნებზე შეთანხმება მოჰყვა.

კომენტარები