ნატა ფერაძე

ფერაძე პოლიციელის შეურაცხყოფისა და მისი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს

1tv.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტივისტი ნატა ფერაძე ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.

​ეს მუხლი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ პირს, რომელსაც ნატა ფერაძემ უთხრა, რომ "შემოულაწუნებს", პოლიციის ფორმა არ აცვია.

ამ დროისთვის უცნობია, რომელ განყოფილებაში გადაიყვანეს ნატა ფერაძე.

აქტივისტი ნატა ფერაძე დღეს, 18 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ის ტრანსგენდერ ქალებთან იმყოფებოდა, რომლებსაც შეშა მიუტანა. ფერაძე ფეისბუქ ლაივში ჰყვება, რომ პოლიციამ ტრანსგენდერი ქალები დააკავა და ჰომოფობიურად იქცევა. ის პოლიციელებს ეკითხება, რის საფუძველზე დააკავეს ტრანსგენდერი ქალი, რის შემდეგაც მასთან მიდის კაცი სამოქალაქო ფორმაში და ეუბნება, რომ დაწყნარდეს. საპასუხოდ, ნატა ფერაძემ მას უთხრა:

"დაწყნარდის კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ".

ამის შემდეგ ნატა ფერაძე დააკავეს.

კომენტარები