თეირანში ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავი

ალი ხამენეიმ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი რევოლუციური გვარდია დაიცვა

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი რევოლუციური გვარდია დაიცვა.

"ჩვენი მტრები მოხარულები იყვნენ რომ გუშაგების, შეიარაღებული ძალების და ჩვენი სისტემის ძირის გამოთხრისთვის მიზეზი ნახეს," - თქვა ხამენეიმ.

მისივე თქმით, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ირანის უსაფრთხოება შეინარჩუნა.

ხამენეიმ თქვა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება ტრაგედია იყო, თუმცა ბოდიში არ მოუხდია:

"ზოგმა სცადა, რომ ეს მიზეზად გამოეყენებინა, რათა ჩვენი დიდებული გენერლის სიკვდილი გადაეჩრდილა"

ხამენეის თქმით, რევოლუციური გვარდიის დანაყოფი ყუდსი "ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, ადამიანური ღირებულებებით".

ალი ხამენეიმ ტრამპის ადმინისტრაცია გააკრიტიკა და აშშ-ის პრეზიდენტს ჯამბაზი უწოდა.

ირანის რევოლუციური გვარდიის ყუდსის დანაყოფის მეთაური გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს აშშ-ის საჰაერო თავდასხმისას ერაყში მოკლეს. პასუხად 8 იანვარს ირანმა ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა აშშ-ის სამხედრო ძალების სპიკერის თქმით 11 ამერიკელ სამხედროს ტვინის შერყევის სიმპტომები ჰქონდა და მათ მკურნალობენ.

8 იანვარს ირანის მიერ გასროლილმა რაკეტებმა უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ირანი თავდაპირველად თვითმფრინავის ჩამოგდებას უარყოფდა, თუმცა 11 იანვარს ირანის რევოლუციურმა გვარდიამ აღიარა, რომ თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს. აღიარებას თეირანის ქუჩებში მასშტაბური აქციები მოჰყვა. პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით დაშალა. გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღიც. დააკავეს ათობით ადამიანი.

კომენტარები