20 ივნისი

თალაკვაძე: სააკაშვილმა პრაქტიკულად თქვა, ცოტაც და დესტაბილიზაციას დამხობით დავამთავრებდითო

https://www.facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial/

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ ნათქვამს სიტყვებს ეხმაურება, რომ "2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილის [რეჟიმი] წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა".

თალაკვაძის თქმით, სააკაშვილის ეს სიტყვების პრაქტიკულად აღიარება იყო.

"მან პრაქტიკულად თქვა, რომ ცოტაც დაგვაკლდა დესტაბილიზაცია დაგვესრულებინა დამხობითო, ნუ დაახლოებით და გნებავთ პირდაპირ ეს იყო რაც თქვა. ამით ექს-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 20 ივნისს მომხდარი მოვლენები, რომელიც დღის პირველ ნაწილში ახალგაზრდების მიერ დაიწყო, საღამოს უკვე რეალურად ატარებდა ძალადობრივ ხასიათს, ეს იყო შეტევა ქვეყნის პარლამენტზე და არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო თავისი ქვეყნის პარლამენტზე შეტევას არ მოითმენდა", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შეისწავლის. შსს-ს აზრით, ყოფილი პრეზიდენტის მთავარი არხის ეთერში ნათქვამი ფრაზა საკმარის საფუძველს იძლევა ვარაუდისათვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა "სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა". სააკაშვილის განცხადებას შსს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში შეისწავლის.

"გუშინ, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც - “2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილის [რეჟიმი] წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა“, -  აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკმარის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა. ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც იგი შეჯერებული იქნება სხვა მტკიცებულებებთან და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, - უთხრეს ტაბულას შსს-ში. 

გუშინ, 12 იანვარს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში თქვა:

"წკიპზე იყო ივანიშვილი 20 ივნისს, ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა, მაშინ ჩემი აზრით მომენტი გაშვებულ იქნა. ეს არ იყო ის, რომ ვიღაცას შეთქმულება ჰქონდა, თავის თავს ამხობდა თვითონ სხვათაშორის. თავისი თავხედობით მოახდინა ხალხის რეაქციის პროვოცირება".

კომენტარები