ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Human Rights Watch-ის დირექტორს კენეთ როთს ჰონგ-კონგში შესვლის უფლება არ მისცეს.
მან საკუთარ ტვიტერზე ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ ოფიციალურმა პირებმა მისი არ შეშვება "საიმიგრაციო მიზეზებით" ახსნეს, მიუხედავად იმისა, რომ ის ჰონგ-კონგში წარსულში არაერთხელ არის ნამყოფი.
როთი ჰონგ-კონგში ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევების ანგარიშის გამოსაქვეყნებლად მიემგზავრებოდა.
"ჰონგ-კონგში ჩამოვფრინდი, რათა გამოგვეცა Human Rights Watch-ის ახალი ანგარიში. ამ წელს ის აღწერს როგორ უთხრის ძირს ჩინეთის მთავრობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სისტემას. მაგრამ ოფიციალურმა პირებმა ჰონგ-კონგში შესვლის უფლება არ მომცეს. ეს პრობლემის გაუარესების ილუსტრაციაა." წერს ის.
ჩინეთი Human Rights Watch-ს და სხვა ამერიკულ არასამთავორობო ორგანიზაციებს "ანტი-ჩინური" ძალების მხარდაჭერაში ადანაშაულებს და სანქციებით ემუქრება.
შეგახსენებთ, 2019 წლის ივნისიდან მილიონობით ჰონგ-კონგელი პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებს და დემოკრატიულ ცვლილებებს ითხოვს. მიუხედავად აქციების არაერთხელ ძალადობრივად დაშლის და აქტივისტების დაკავებისა, ჰონგ-კონგელები პროტესტს არ წყვეტენ.