თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავი

UIA: თვითმფრინავი, რომელმაც ირანში ავიაკატასტროფა განიცადა, ერთერთი საუკეთესო იყო

REUTERS

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებში (UIA - Ukraine International Airlines) განაცხადეს, რომ თვითმფრინავი Boeing 737-800, რომელმაც ირანში ავიაკატასტროფა განიცადა, მათი ერთერთი საუკეთესო თვითმფრინავი იყო და მისი პილოტები ძალიან გამოცდილები იყვნენ.

ავიახაზების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ თეირანის იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენამდე რაიმე პრობლემის ნიშანი არ ყოფილა და თვითმფრინავმა ბოლო რეისი 6 იანვარს შეასრულა.

თვითმფრინავი თეირანში ირანის დროით 04:30 საათზე ჩამოვარდა და შედეგად ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. თვითმფრინავზე მყოფთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ის 176-დან 180-მდე მერყეობს. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფრენისთვის ბილეთი 168 მგზავრმა შეიძინა, თუმცა ამ დრომდე არკვევენ, რამდენი იყო ისეთი მგზავრი, რომელსაც ბილეთი ჰქონდა, თუმცა რეგისტრაცია არ გაუვლია. დადასტურებულად ცნობილია, რომ ეკიპაჟის ცხრავე წევრი უკრაინელი იყო. 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი ამბობს, რომ ბორტზე 11 უკრაინელი დაიღუპა - 2 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი. 

უკრაინული გამოცემა OBOZREVATEL კი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბორტზე ირანის 71, კანადის - 73, გერმანიის - 4, დიდი ბრიტანეთის - 3, შვედეთის - 8 და ავღანეთის 6 მოქალაქე დაიღუპა. 

თეირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, უკრაინის საჰაერო ტრანსპორტის რეგულატორმა ირანში ფრენები იქამდე აკრძალა, სანამ თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი არ გაირკვევა.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები ერთადერთი არ არის, რომელმაც ირანის მიმართულებით ფრენა აკრძალა. გერმანიის Lufthansa, დუბაიში დაფუძნებული Emirates და დაბალბიუჯეტური flydubai იმ ავიახაზებს შორისაა, ვინც ფრენები გააუქმა.

კომენტარები