პრეზიდენტის შეწყალება

მორატორიუმის შემდეგ პრეზიდენტი მსჯავრდებულებს საშობაოდ შეიწყალებს

18 სექტემბერს გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მსჯავრდებულების საშობაოდ შეწყალებას გეგმავს. ინფორმაცია ტაბულას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. 

პრეზიდენტი პატიმრებს ახალი წესით შეიწყალებს, რომელიც მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ იქნა შემუშავებული. ახალ წესზე მუშაობა ნოემბრის ბოლოს დასრულდა

უცნობია, შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეწყალების აქტი როცა გამოიცემა, ყველა ერთად გაეცნობა. მისი აზრით, "არ იქნება სწორი, რომ ჩვენ მხოლოდ მამალაძეზე ვისაუბროთ", მას არ ესმის, "რატომ არის ასეთი აქცენტი და მხოლოდ მამალაძეზე არის გაუთავებლად საუბარი."  

საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ დღეს, 29 დეკემბერს თქვა, რომ ყველაფერი, რაც მათზე იყო დამოკიდებული, გააკეთეს და შუამდგომლობა სინოდის სხდომიდან ერთ კვირაში გაიგზავნა. 

შეწყალების თემაზე კრიტიკის ობიექტი სალომე ზურაბიშვილი მარიამობის შეწყალების შემდეგ გახდა. მის მიერ შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. 

პოლიციელის მკვლელის შეწყალების შემდეგ, რასაც საზოგადოების კრიტიკა და აღშფოთება მოჰყვა, სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც ინიციატივით გამოვიდა, "საკნაონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად შეწყალების გამოყენების უფლება დაიხვეწოს".

წარსულში პატიმრების შეწყალების საკითხს შეწყალების კომისია განიხილავდა და პრეზიდენტიც შეწყალების გადაწყვეტილებას მათი რეკომენდაციების საფუძველზე იღებდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ შეწყალების კომისია არ ფუნქციონირებს. 

კომენტარები