რუსეთი

რუსი მუსიკოსი ამბობდა, რომ პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო — თავმოკვეთილი გვამი გუშინ იპოვეს

რუსეთის ქალაქ ომსკის მცხოვრების, დიმიტრი ფიოდოროვის გვამი სალიანდაგო გზაზე იპოვეს. შემთხვევამდე ათი დღით ადრე, სოციალურ ქსელში ფიოდოროვმა პოლიციელები ნარკოტიკის ჩადებაში დაადანაშაულა. ადგილობრივი მედიების ცნობით, ახალგაზრდა კაცის გვამი თავმოკვეთილ მდგომარეობაში იპოვეს. 

18 დეკემბერს სოციალურ ქსელ კონტაქტში, დიმიტრი ფიოდოროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც დეტალურად ყვებოდა მისი დაკავების ამბავს, ფიოდოროვის თქმით, როსგვარდიის თანამშრომლებმა მას ნარკოტიკები ჩაუდეს. ახალგაზრდა ამბობდა, რომ დაპატიმრების შემდეგ 24 საათი პოლიციის განყოფილებაში ზარის უფლების გარეშე, არადამიანურ პირობებში გაატარა. 

მოგვიანებით, ერთ-ერთ რადიოსთან ინტერვიუში ფიოდოროვმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ აღიძრა საქმე და მის ინტერესებს მოსკოველი ადვოკატი დაიცავდა. ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე, ფიოდოროვის განცხადებას დიდი რეზონანსი მოყვა, საქმით დაინტერესდნენ ჟურნალისტები და უფლებადამცველები.

თავის მხრივ, როსგვარდიაში ამბობდნენ, რომ ფიოდოროვს დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩნდა და დაკავების მომენტში ფაქტი აღიარა კიდეც. როგორც ცნობილია, ამჟამად სამართლადამცავი უწყება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. 

პოლიციის ვერსიას რამდენიმე გარემოება ეჭვქვეშ აყენებს. პირველ რიგში ჭრილობის ტიპი, ასევე დაზიანებები ფეხზე და სხეულზე. საეჭვოა ისიც, რომ ადგილზე, სადაც ფიოდოროვის გვამი იპოვეს თითქმის ვერ აღმოჩენეს სისხლის კვალი.

ადგილობრივი პორტალების ინფორმაციით, ფიოდოროვი მუსიკოსი იყო და გამოირჩეოდა აქტიური სამოქალაქო პოზიციით, მას ხშირად ხედავდნენ საპროტესტო აქციებზე. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, ფიოდოროვს მალე მის მეგობარ გოგონაზე უნდა ექორწინა. 

ფიოდოროვის მეგობრების თქმით, დაღუპული არ მოიხმარდა არანაირ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. ტრაგიკულ შემთხვევამდე, ფიოდოროვის ადვოკატი ამბობდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად იყო გაეარა პოლიგრაფის ტესტი, მიეცა ჩვენებები და ჩაებარებინა ფსიქო-ფიზიოლოგიური ტესტი. 

კომენტარები