რუსეთი-აშშ

ზახაროვა NordStream2-ის სანქციებზე: მალე აშშ მოგვთხოვს დაუყოვნებლივ შევწყვიტოთ სუნთქვა

მარია ზახაროვა
RT

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აშშ-ის მიერ NordStrem 2-ის პროექტზე დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა:

"სახელმწიფო $22 ტრილიონიანი ვალით უკრძალავს სანდო ქვეყნებს განავითარონ საკუთარი ეკონომიკის რეალური სექტორი! ამერიკული ცხოვრებისეული იდეოლოგია იცხოვრონ ვალებით ვერ უძლებს გლობალურ კონკურენციას! მალე მოგვთხოვენ დაუყოვნებლივ შევწყვიტოთ სუნთქვა. და ბევრი დაემორჩილება." დაწერა ზახაროვამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სანქციების მიუხედავად პროექტზე მუშაობას გააგრძელებენ, თუმცა, მათი თქმით საკითხავი რჩება არიან თუ არა მზად ევროპული ქვეყნები საკუთარი ენერგო ინტერესები შესწირონ აშშ-ის ინტერესებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში გასაყვანი ახალი რუსული მილსადენის Nord Stream 2-ის მშენებლობაში ჩართულმა შვეიცარულმა კომპანიამ AllSeas-მა აშშ-ის სანქციების შემდეგ, პროექტზე მუშაობა შეწყვიტა.

მართალია, მილსადენის დიდი ნაწილი უკვე აგებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შესაძლებელია თუ არა მილსადენის დასრულების AllSeas-ის გარეშე.

რუსული პროექტის მშენებლობა, რითაც რუსეთმა კიდევ 55 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი უნდა მიაწოდოს გერმანიას, სულ მცირე, გადაიდება. გაზპრომს მისი შემცვლელის პოვნა მოუწევს. 

Nord Stream 2-ის მშენებლობის დასრულების ვადად 2019 წლის ბოლო აქვთ განსაზღვრული.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რითაც ნებისმიერ კომპანიას, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანია გაზპრომს ევროკავშირში გამავალი მილსადენების მშენებლობაში ეხმარება, სანქციები უწესდება. სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, აშშ-ის ვიზების გაუქმებას.

სანქციები შეეხება იმ ფირმებს, რომლებიც ახალი რუსული მილსადენების - ევროპის ჩრდილოეთიდან, ბალტიის ზღვაში გამავალი NordStream 2-ის, რომელიც გერმანიაში გავა და რუსეთიდან თურქეთის გავლით სამხრეთ ევროპაში გამავალი Turkstream-ის მშენებლობას დაეხმარება.

აშშ-ს მიაჩნია, რომ ეს მილსადენის პროექტები ევროკავშირის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. ახლი რუსული პროექტებით ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება და პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება.

პრეზიდენტმა ტრამპმა ადრე თქვა, რომ 1 225 კილომეტრიანი NordStream 2-ის გაზის მილსადენი გერმანიას "რუსეთის ტყვედ" გადააქცევდა.

აღსანიშნავია, რომ გაზსადენ Nordstream 2-ის პროექტის აღმასრულებელი დირექტორი, მატიას ვარნიგი წარსულში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო.

ავსტრიული გამოცემის, Der Standart-ის თანახმად, ვარნიგი 1974 წლიდან იყო აღმოსავლურ გერმანული სადაზვერვო სამსახურის, შტაზის აგენტი.

როგორც ცნობილია, მატიას ვარნიგისა და ვლადიმირ პუტინს ხანგრძლივი პირადი ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც 1990 წლიდან იღებს სათავეს. ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ ვარნიგი გერმანულ Dresndner Bank-ში მუშაობდა, რომელსაც 90-იანების დასაწყისში სანკტ-პეტერბურგში სურდა ფილიალის გახსნა.

დღეს ვარნიგი არაერთ მსხვილ რუსულ კომპანიაში იკავებს თანამდებობას, მათ შორისაა გაზპრომი, ტრანსნეფტი, როსნეფტი, VTB ბანკი. გარდა ამისა, ვარნიგმა 2012 წელს რუსეთის ფედერაციის ღირსების ორდენიც კი მიიღო.

კომენტარები