სამთავრობო პროპაგანდა

ბოკერია სამთავრობო FB გვერდებზე: ეს არის მტკიცებულება, როგორ ხარჯავენ ფულს მტრის სასარგებლოდ

გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ Facebook-ის განცხადება სამთავრობო გვერდების შესახებ არის მტკიცებულება, როგორ მტრობს ხელისუფლება საქართველოს.

გიგა ბოკერიას თქმით, საზოგადოებისთვის აქამდეც ცნობილი იყო, რომ ხელისუფლება სოციალურ მედიაში სიძულვილს, სიბინძურეს ავრცელებს, თესავს შუღლს, დაპირისპირებას და ებრძვის ყველას, ვინც შეიძლება მიჩნეული იყოს ბიძინა ივანიშვილის ოპონენტად. დეპუტატი აღნიშნავს, რომ იგივე ჯგუფები ასევე ავრცელებენ საქართველოს მტრისთვის ხელსაყრელ პროპაგანდას დასავლური სამყაროს წინააღმდეგ.

ბოკერიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზოგადი ცოდნა არსებობდა, აქამდე ასეთი ყოვლის მომცველი შესწავლა არ მომხდარა, რომელშიც ჩართული იქნებოდა ფეისბუქი და ატლანტიკურ საბჭოსთან არსებული ლაბორატორია. 

"ეს კვლევა არის პირდაპირი მტკიცებულება იმისი, როგორ მტრობდა დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს ამ სამარცხვინო ლიდერის, ივანიშვილის მეთაურობით, როგორ ხარჯავდა ფულს არამხოლოდ შუღლის, დაპირისპირების, სიბინძურის და მისი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, არამედ საქართველოს შიგნით თავისუფლების იდეის, თავისუფალი სამყაროს პროფანაციისთვის, ჩვენი ქვეყნის მტრის სასარგებლოდ", - ამბობს ბოკერია.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ აუცილებელია გაირკვეს, ვისი ფული იხარჯებოდა პროსახელისუფლებო გვერდებში - ეს ფინანსდებოდა ბიუჯეტიდან თუ იყო არალეგალური კონტრიბუცია, სადაც გადასახადები იმალებოდა.

"ბუნებრივია, ამ საკითხზე, როცა იქნება მომენტი, როცა ქვეყნის ხელისუფლება იქნება ფორმაში, სრულფასოვანი გამოძიება უნდა ჩატარდეს და შეიძლება მივიღოთ კიდევ უფრო მეტი პასუხები მივიღოთ, როგორ, რანაირად, რა დავალებებით მოქმედებდა ის ხალხი, რომლებიც ჩვენთვის ისედაც ცნობილი იყო, რომ ამ ბინძურ სამუშაოს ასრულებდა", - აღნიშნა დეპუტატმა.

Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

კომენტარები