სამთავრობო პროპაგანდა

ბენიძე: Facebook აგრძელებს არაავთენტური ქცევის შესწავლას და, სავარაუდოდ, კვლავ მიიღებს ზომებს

მიხეილ ბენიძე
მიხეილ ბენიძე / Facebook

სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფეისბუქი ყალბ გვერდებს კვლავ გააუქმებს.

მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ გუშინ ფეისბუქის წარმომადგენლებს თანამშრომელთან ერთად, ფეისბუქისვე ინიციატივით მათ მიერ გაუქმებული გვერდებისა და პროფაილების შესახებ ესაუბრა.

"ჩვენი წინასწარი ანალიზის შედეგად, გაუქმებულია ISFED-ის ანგარიშებში შესული და მონიტორინგის ქვეშ მყოფი ცრუ მედია გვერდები და ცრუ მხარდაჭერის გვერდები თითქმის სრულად. ასევე, გაუქმებულია მადისკრედიტირებელი გვერდების დიდი ნაწილი, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე ათეული გვერდი, რომელთა შესახებაც ცალკე დავწერთ კიდევ. "ფეისბუქის" წარმომადგენლების თქმით, დღეს წაშლილი გვერდები ავლენდა კოორდინაციის მაღალ ხარისხს და ცალსახად იკვეთებოდა კავშირი სახელისუფლებო პარტიასთან. "ფეისბუქი" ასევე აგრძელებს არაავთენტური ქცევის შესწავლას და, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის მერე კვლავ მიიღებს მსგავს ზომებს სხვა გვერდებთან და კოორდინირებულ ქსელებთან დაკავშირებით", - წერს მიხეილ ბენიძე.

ამასთან, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს ფეისბუქის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზეც და იმედოვნებს, რომ მათი ჩართულობით, 2020 წლის არჩევნებისთვის საინფორმაციო გარემო გაჯანსაღდება.

"საარჩევნო და პოლიტიკური პროცესისთვის მნიშვნელოვანია საინფორმაციო სივრცის დაცვა მანიპულაციისა და დეზინფორმაციისგან, რაშიც "ფეისბუქს" შეუძლია უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულოს. კარგია, რომ საქართველო მათი ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო. იმედია, "ფეისბუქის" აქტიური ჩართულობით, შევძლებთ 2020 წლის არჩევნების საინფორმაციო გარემოს გაჯანსაღებას და დაცვას მავნე ზეგავლენისგან. სამართლიანი არჩევნები (ISFED) გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და კიდევ უფრო აქტიურ კოორდინაციას ჩვენს სხვა კოლეგებთან ვისი მნიშვნელოვანი წვლილიც არის დღევანდელი შედეგი. მეთოდოლოგიურ და სტრატეგიულ მუშაობას აუცილებლად აქვს აზრი, რაც არ უნდა კომპლექსური გამოწვევები ახლდეს თან", - წერს მიხეილ ბენიძე.

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები. 

კომენტარები