მოლაპარაკებების მეოთზე რაუნდი

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დიპკორპუსის თანხლებით, მოლაპარაკების მე-4 რაუნდი იმართება

სასტუმრო შერატონში, საარჩენო სისტემასთან დაკავშირებით შემქნილ კრიზისზე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი მიმდინარეობს. შეხვედრებს ესწრება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელები. 

დღეს შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ "ოცნება" შეხვედრაზე ახალი წინადადებით მივიდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან დეტალურად არ განმარტა ქართული ოცნების მიერ მომზადებული წინადადების შინაარსი და თქვა, რომ დეტალებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს. მან უბრალოდ აღნიშნა, რომ მათი აზრით, შემუშავებული მოდელი ყველა მხარისთვის მისაღები უნდა იყოს. 

"ეს მოდელი ჩვენი აზრით, უზრუნველყოფს იმას რომ რეგიონების, დედაქალაქის წარმომადგენლობა პროპორციული არჩევნების წილი შერეულ მოდელში იყოს დაბალანსებული."

მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა. შეხვედრებზე ე.წ გერმანულ მოდელზე იმსჯელეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის ქართულ კონსტიტუციას არ შეესაბამება. 

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე იმსჯელებენ, რაც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელის ერთერთი კომპონენტია.

მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართა უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრის მთავარი თემა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები იყო, რომლის განხილვაც მხარეებს წინა რაუნდზე დიპლომატიურმა კორპუსმა შესთავაზა. მესამე რაუნდამდე ერთი კვირით ადრე ხელისუფლება აცხადებდა, რომ შეთავაზებული წინადადება კონსტიტუციას შეესაბამებოდა და საკითხს გუნდში განიხილავდნენ, თუმცა, 15 დეკემბრის შეხვედრაზე მმართველი გუნდის წევრები მრავალმანდატიანი ოლქების უსამართლობაზე ალაპარაკდნენ.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მრავალმანდატიანი ოლქების წარმომადგენლობითობის პრინციპი "არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის" და "საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა, ეს მოდელი მისაღები ვერ იქნება".

ხელისუფლების წევრები მესამე რაუნდის შემდეგ ამბობდნენ, რომ კიდევ ერთი რაუნდია საჭიროა დიალოგი გაგრძელდება და "არის სივრცე, სადაც შეთანხმების მიღწევა იქნება შესაძლებელი". ოპოზიციონერი ლიდერების აზრით კი, ხელისუფლება დროის გაწელვას ცდილობს და ამიტომაც ითხოვა დრო. 

ოპოზიციის აზრით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც თანხმდებიან, რომ არსებული საარჩევნო მოდელი შესაცვლელია, თუმცა, "დედამიწის ზურგზე არსებული არც ერთი სამართლიანი სისტემა" არ უნდათ. 

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. პარალელურად, ოპოზიციამ მოამზადა და პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელის ქართული ვარიანტია. ხელისუფლება ოპოზიციის ინიციატივაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე საუბრობს არაერთი კონსტიტუციონალისტი და უცხოელი პარტნიორი. კანონპროექტი შესაფასებლად ეუთო/ოდირსაც გადაეგზავნა.

იმის გამო, რომ ხელისუფლება ე.წ გერმანულ მოდელის მოდიფიცირებულ ვარიანტს ეწინააღმდეგება, მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე საერთაშორისო პარტნიორებმა მმართველ გუნდს და ოპოზიციას შესთავაზეს, ცალ-ცალკე განეხილათ ოპოზიციის შეთავაზებული საარჩევნო სისტემის კომპონენტები. ამ ეტაპზე, ასეთი აღმოჩნდა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები.

კომენტარები