პრეზიდენტის ადმინისტრაცია

15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, ზურაბიშვილმა საზეიმო ღონისძიებები გააუქმა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 18 დეკემბერს, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, ყველა საზეიმო ღონისძიება გააუქმა, რაც საზოგადოებრივი ჯგუფებისათვის ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ მიღებებს ეხებოდა.

"ღონისძიებები შეხვედრების ფორმატში ჩატარდება. სწორედ შეცვლილი ფორმატით გაიმართა დღეს ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისა და წარმატებული სპორტსმენების შეხვედრა. შეხვედრის დასაწყისში პრეზიდენტმა 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილი ახალგაზრდის ხსოვნას.", - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"მწვანე სკოლის" ყოფილი მოსწავლე, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

იმავე დღეს, გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ თვითმკვლელობა მისმა ერთ-ერთმა თანატოლმაც სცადა. ინფორმაცია ლონდა თოლორაიამ დაადასტურა. თუმცა, დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.

15 წლის ლუკა სირაძემ თავისი ყოფილი სასწავლებლის, "მწვანე სკოლის" კედლებზე "უცენზურო" წარწერები გააკეთა.

საია-ს ინფორმაციით, მოზარდს გამომძიებელი "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შსს-მ რამდენიმე კომენტარი და განცხადება გაავრცელა და უარყო, რომ ბიჭზე რამე სახის ზეწოლა ხდებოდა. უწყება აცხადებდა, რომ მოზარდი მშობლის გარეშე არ გამოუკითხავთ.

მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, იმავე დღეს, 17 დეკემბერს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. გამოძიება ჩოლოიანს სსკ-ის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებნას - ჩვენების მიცემის იძულებას ედავება.

კომენტარები