ქართული ოცნების აქცია

"ოცნების" აქციის გამო, 14 დეკემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

wikipedia

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ცნობით, 14 დეკემბერს ქართული ოცნების დაგეგმილი "მასშტაბური შეკრების" გამო, თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ქართული ოცნება აცხადებს, რომ თავისუფლების მოედანზე საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელ ღონისძიებაზე იკრიბებიან.

შსს-ს ცნობით, 13 დეკემბრის 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აიკრძალება თავისუფლების მოედანზე. ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. კერძოდ:

  • ბარათაშვილის ხიდიდან მომავალი ნაკადი იმოძრავებს რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით, რუსთაველის გამზირის მიმართულებით;
  • დიდი ზომის სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება აიკრძალება ვახტანგ გორგასლის მოედანზე. მსუბუქი ავტომანქანები კი იმოძრავებენ კოტე აფხაზის ქუჩაზე და ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გავლენ;
  • ლადო ასათიანის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ვერ მოხვდება შალვა დადიანის ქუჩაზე. შესაბამისად, ავტომანქანები იმოძრავებენ ოვანეს თუმანიანის ქუჩის გავლით, ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით;
  • მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი ნაკადი მობრუნდება ყოფილი ფოსტის შენობასთან და გადაადგილებას გააგრძელებს როგორც რესპუბლიკის მოედნის, ასევე, ელბაქიძის ქუჩის მიმართულებით. თუმცა, ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით;
  • ყოფილი ფოსტის შენობიდან თავისუფლების მოედნამდე - შოთა რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე ავტომანქანებს მოძრაობა თავისუფლად შეეძლებათ.

"სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას მიიღებენ" - აცხადებს შსს.

ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის დაგეგმილი აქციის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. პარტიაში ამტკიცებდნენ, რომ ორგანიზატორი ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთაა და აქცია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევას ეძღვნება. 11 დეკემბერს პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიცირებულ აქციას მმართველი პარტიის პოლიტიკური გუნდი უერთდება. კახა კალაძის თქმით, "საზეიმო ღონისძიებაზე, მასშტაბურ შეკრებაზე" დასწრების მსურველების ტრანსპორტირებას რეგიონებიდან ქართული ოცნება უზრუნველყოფს. 

"ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ამ ინიციატივას სიამოვნებით შეუერთდა და შეიძლება ითქვას, დღეის მდგომარეობით თავისი მასშტაბებით გასცდა ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებს და მთელი პოლიტიკური გუნდის, ყველა იმ ადამიანის საზეიმო ღონისძიებად იქცა, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული და მნიშვნელოვანია

ამ დღესთან დაკავშირებით ყველა რეგიონიდან ვიწვევთ ჩვენს მხარდამჭერებს, ქართული ოცნების კურსის და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერებს, საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას ყველა რეგიონიდან, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერებს, რეგიონში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩემს თბილისელებს, მობრძანდით, ოჯახებთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, რათა ერთად დავუჭიროთ მხარი საქართველოს გზას ევროპისკენ" - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერს სამოქალაქო აქტივისტების გავრცელებული ინფორმაცია შეახსენეს, რომ საჯარო სამსახურებში აიძულებენ 14 დეკემბრის აქციაზე მისვლას, რაზეც კალაძემ თქვა, რომ ზოგიერთი მედია ადამიანების "შეცდომაში შეყვანას" ცდილობს.

"ამბობენ, თითქოს შაბათ დღეს იმ ღონისძიებაზე ჩამოსვლა, რომელსაც აწყობს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია, დარღვევა და დანაშაულია. მინდა ყველა ჩვენს მხარდამჭერს მივმართო - არანაირი კანონდარღვევა არ არის, თავისუფლად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ, მობრძანდეთ, დაესწროთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას და ერთად ვიზეიმოთ ის, რომ საქართველო არის ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს თქვენს აქ ჩამობრძანებას, პლუს ამას, ქართული ოცმება ყველანარი ტრანსპორტირების ხარჯს თავის თავზე იღებს და ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტით ჩამოსვლა დედაქალაქში" - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები