რუსეთი-დიდი ბრიტანეთი

პესკოვი: არ ვიცით, მართებულია თუ არა კონსერვატორებთან კარგი ურთიერთობების ქონის იმედი

interfax

დიდ ბრიტნეთში ვადამდელ საყოველთაო არჩევნებში პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტიის გამარჯვებას კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა:

"რა თქმა უნდა, ყოველთვის, როდესაც ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკური ძალა იმარჯვებს არჩევნებში, იმედი გვაქვს, რომ გაიზიარებს ჩვენს იდეოლოგიას ჩვენს ქვეყანასთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბების თაობაზე. არ ვიცი რამდენად შესაფერისია ასეთი იმედი კონსერვატორების შემთხვევაში." თქვა მან ჟურნალისტებთან.

ბრიტანეთის არჩევნების შედეგები თითქმის სრულად დათვლილია. დარჩენილია ერთი ოლქი. არსებული მონაცემებით კონსერვატიულმა პარტიამ პარლამენტში 364 ადგილი მოიპოვა, რაც გასული არჩევნების მაჩვენებელზე 47 ადგილით მეტია, ხოლო უმრავლესობისათვის საჭირო რაოდენობაზე 38 ადგილით მეტი.

კორბინის ლეიბორისტულმა პარტიამ მხოლოდ 203 ადგილის მოპოვება შეძლო, რაც 59 ადგილით ნაკლებია წინა მაჩვენებელზე. ეს 1935 წლის შემდეგ პარტიისათვის ყველაზე ცუდი შედეგია.

შოტლანდიის ნაციონალური პარტია ჯამში 48 წევრს შეიყვანს პარლამენტში, რაც წინა ჯერთან შედარებით 13-ით მეტია. ეგზიტპოლის თანახმად, ლიბერალ დემოკრატებისთვის არჩევნები წარუმატებელი გამოდგა - კონსერვატორებისა და ლეიბორისტების ორპარტიული ჰეგემონიის გარღვევის ნაცვლად, მათ პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ 11 წარმომადგენელი შეჰყავთ.

არჩევნები ბრექსითის ხელმეორე რეფერენდუმად აღიქმებოდა, ვინაიდან მთავარ საკითხს სწორედ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება წარმოადგენდა. პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ კონსერვატიული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ბრექსითის პროცესი უმოკლეს ვადაში დასრულდებოდა. ჯონსონის კამპანიის სლოგანი იყო "შეასრულე ბრექსითი". მისი მთავარი ოპონენტი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი კი მიიჩნევდა, რომ ბრექსითის გეგმა რეფერენდუმზე უნდა გაეტანათ, რასაც შესაძლოა ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილების გაუქმებაც კი მოჰყოლოდა.

უმრავლესობის მოპოვება ჯონსონს საშუალებას მისცემს პარლამენტში გაიტანოს ევროკავშირთან მის მიერ მიღწეული ბრექსითის გეგმა, თუმცა მას კვლავ გადასაჭრელი ექნება ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების საკითხი, რისთვისაც საკუთარ თავს 11-თვიანი ვადა დაუწესა. 31 იანვრიდან ბრიტანეთი გარდამავალ ფაზაში შევა, როდესაც ევროკავშირის 27 ქვეყანასთან ურთიერთობების გაგრძელებაზე ინდივიდუალური მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს. ჯონსონმა პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში პროცესი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ჯონსონმა არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პარლამენტმა მისი ბრექსითის შეთანხმების ნაჩქარევ ვადაში განხილვაზე უარი თქვა და ის იძულებული გახდა ევროკავშირისათვის ბრექსითის გადავადება იანვრის ბოლომდე ეთხოვა.

 

კომენტარები