რუსეთი-დიდი ბრიტანეთი

რუსეთი: ბრიტანეთი ბალტიის ზღვაში ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე თავდასხმაში მონაწილეობდა

29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დიდი ბრიტანეთი 26 სექტემბერს, ბალტიის ზღვაში ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში დაადანაშაულა.

აქამდე, მოსკოვს ოფიციალური განცხადება იმაზე, თუ ვინ იდგა ჩრდილოეთის ნაკადების გაზსადენების დაზიანების უკან, არ გაუვრცელებია.

ასევე, რუსეთის მტკიცებით, 29 ოქტომბერს შავი ზღვის ფლოტის გემებზე შეტევის მომზადებაში მონაწილე უკრაინის 73-ე საზღვაო ოპერაციების სპეციალური ცენტრის სამხედრო მსახურების წვრთნა ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ჩატარდა. რუსეთის დაზვერვის ცნობით, ორივე შემთხვევაში ერთსა და იმავე ბრიტანულ ქვედანაყოფზეა საუბარი. 

რუსეთის ბრალდებებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და მას "წარმოუდგენელი მასშტაბის ტყუილი" უწოდა.
 
"უკრაინაში უკანონო შეჭრის კატასტროფული შედეგებისგან ყურადღების გადატტანის მიზნით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წარმოუდგენელი მასშტაბის ცრუ ბრალდებების გავრცელების ხერხს მიმართავს. ეს გამოგონილი ამბავი უფრო მეტს ამბობს რუსეთის მთავრობაზე, ვიდრე დასავლეთზე". - წერია განცხადებაში.

27 სექტემბერს ბალტიის ზღვაში გამავალ რუსულ გაზსადენებზე გაჟონვა მოხდა. გაჟონვა შვედეთისა და დანიის ეკონომიკურ ზონაში, კუნძულ ბიორნჰოლმის მიმდებარედ, ერთმანეთთან ახლოს მდებარე ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენებზე მოხდა.

დასავლეთი თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს. კერძოდ, შვედეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მეტად სავარაუდოა, რომ მილსადენებზე თავდასხმა სახელმწიფო აქტორის მიერ განზრახ განხორციელდა. 

ასევე, დასავლეთის დაზვერვის წარმომადგენლების მიხედვით, ერთმანეთთან ახლოს მდებარე ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენებთან, სადაც გაჟონვა მოხდა, რუსული საზღვაო ფლოტის გემები შენიშნეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

კომენტარები