ბოლივიის გარდამავალმა მთავრობამ ყოფილი პრეზიდენტი ევო მორალესი ტერორიზმსა და ამბოხებისაკენ მოწოდებაში დაადანაშაულა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, არტურო მურილიოს თქმით ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების უკან მორალესი დგას და სწორედ მისი ორგანიზებულია გზების ბლოკირება. მურილიო ირწმუნება, რომ არსებობს ამის დამამტკიცებელი აუდიო ჩანაწერი, რომელიც მექსიკაში გაკეთებული.
პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მორალესმა პოლიტიკური თავშესაფარი მექსიკისაგან მიიღო და ქვეყანა დატოვა. ის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ ჩანაწერი, სავარაუდოდ გაყალბებულია. ის აქციებზე ადამიანების დაღუპვის გამოძიებას ითხოვს.
მორალესის გადადგომის შემდეგ მისმა მომხრეებმა საპროტესტო აქციები გამართეს, რაც უსაფრთხოების ძალებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაიღუპა სულ მცირე 29 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ ევო მორალესი პრეზიდენტის პოსტიდან 10 ნოემბერს გადადგა.
ქვეყნის გარდამავალმა პრეზიდენტმა ხეანინე ანიესმა თქვა, რომ თუ მორალესი ბოლივიაში დაბრუნდება მას გაასამართლებენ. მისი თქმით ქვეყანაში რაც შეიძლება მალე ხელახალი არჩევნების ჩატარება სურს.
მორალესის გადადგომას წინ საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადება უძღოდა იმის თაობაზე, რომ 20 ოქტომბრის არჩევნებში იპოვეს "აშკარა მანიპულაციის" ნიშნები და არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვეს. მორალესმა მათი პოზიცია გაიზიარა და გამოაცხადა, რომ საარჩევნო კომისიის რეფორმის შემდეგ ხელახალი არჩევნების დანიშვნას გეგმავდა.
მიუხედავად ამ დაპირებისა, მოსახლეობამ, პოლიტიკოსებმა და არმიის გენერლებმა მას გადადგომისაკენ მოუწოდეს. მორალესის რამდენიმე მოკავშირემ თქვა რომ მათზე თავდასხმა მოხდა და მათი სახლები გადაწვეს. უსაფრთხოების რისკების გამო თანამდებობა დატოვა მისი მოკავშირეების ნაწილმა. სატელევიზიო მიმართვაში მორალესმა თქვა, რომ თანამდებობას დატოვებდა და მომიტინგეებს მოუწოდა მის დებზე და ძმებზე თავდასხმა შეწყვიტონ.
20 ოქტომბერის არჩევნებზე, ოფიციალური პირების თქმით, მორალესმა ხმების 47.1% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა კარლოს მესამ კი 36.51%, რითიც მორალესმა მეორე ტური თავიდან აიცილა. ამგვარად, მორალესი, რომელიც ბოლივიას 13 წელია მართავს, ქვეყნის სათავეში 2025 წლამდე დარჩებოდა.
მომიტინგეებს მიაჩნდათ, რომ არჩევნები გააყალბეს. ამის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხმების დათვლა 24 საათით შეფერხდა. მანამდე, უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნებული პირველადი შედეგების მიხედვით მორალესს და მესას თითქმის თანაბარი მხარდაჭერა ჰქონდათ და მეორე ტური უნდა დანიშნულიყო. ხმის დათვლის შეფერხების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მორალესი მესას 10 ნიშნულით უსწრებდა, რაც საკმარისი იყო მეორე ტურის თავიდან ასარიდებლად.
მორალესი გაყალბების ბრალდებებს უარყოფდა, მესა კი მეორე ტურის დანიშვნას მოითხოვდა. მის მოთხოვნას მხარს უჭერდენ აშშ, ბრაზილია, არგენტინა და ჩილე.
მორალესის მხარდამჭერმა კუბამ და ვენესუელამ მისი გადადგომა სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასეს.