პროპორციული არჩევნები

რევაზ არველაძე პარლამენტში არ შეუშვეს, მას აქციის მონაწილეები "მონა" შეძახილებით დახვდნენ

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი რევაზ არველაძე პარლამენტთან მივიდა, თუმცა, ის აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. არველაძეს მომიტინგეები "მონა" შეძახილებით შეხვდნენ.

"სამსახურში მოვედი, ჩემი სამსახურია აქ, რამდენიმე კანონპროექტია ენერგეტიკაზე შემოსული და მინდოდა მენახა, არ მომცეს საშუალება, არ არის სწორი.

ყველამ უნდა დაიცვას თავისი მოსაზრება, თუმცა არა ზურგში მუშტების რახარუხით" - ამბობს არველაძე.ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, "გარკვეული პერიოდით შეწყდება ალბათ [საპარლამენტო საქმიანობა], მერე ნელ-ნელა მიხვდებიან, რომ არ შეიძლება ასე".

პარლამენტთან აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს გერმანული მოდელით, დროებით მთავრობას და ცესკოს განახლებულ შემადგენლობას ითხოვს.

გუშინდელიდან ჩაკეტილია პარლამენტის ყველა შესასვლელი - აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ კარვები. ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები აპირებენ, არ შეუშვან დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში. კომიტეტის სხდომა 12:00-ზეა დაგეგმილი. პარლამენტის შენობაში გუშინ დილიდან მობილიზებულები არიან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები.

კომენტარები