საქართველოს პროკურატურა

"პოლიციის უფროსი უკანონოდ დააკავებინეს" - კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წარუდგინეს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

თბილისის პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და განზრახ უკანონო დაკავებისთვის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსნებს დავით ქოქაშვილს, ილია გამგებელსა და ლევან ქარდავას ბრალი წარუდგინა. ქოქაშვილი და გამგებელი დააკავეს. ქარდავა ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე აქამდეც პატიმრობაში იმყოფებოდა. რაც შეეხება საქმეში მონაწილე კიდევ ერთ პირს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, პროკურატურის ცნობით, იმის გამო, რომ გია დგებუაძე (მასტერა) ჰოლანდიიდან არის ექსტრადირებული, "გატარდება საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცედურები დევნის დასაწყებად ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის თანხმობის მისაღებად".

პროკურატურის ვერსიით, "2006 წლის ივნისი-ივლისის თვის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში მიიღეს გადაწყვეტილება, ბიზნესმენ არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მიმართ გააქტიურებულიყო მეთვალყურეობა, გაეძლიერებინათ კონტროლი მის საცხოვრებელ სახლებზე, დაცვასა და მასთან დაახლოებულ პირებზე". საგამოძიებო უწყების განცხადებით, ეს პატარკაციშვილის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდებოდა.

"2006 წლის ივლისი-აგვისტოს თვის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაგეგმეს ურეკში მდებარე არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმა, რაც გულისხმობდა სახლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას. ღონისძიება წარმოადგენდა გამაფრთხილებელ აქციას და მიზნად ისახავდა  პატარკაციშვილის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტას. ღონისძიების ჩატარებამდე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაავალეს ურეკის პოლიციის იმჟამინდელ უფროსს ჯემალ შამათავას, მორიგე პოლიციის თანამშრომლების ჯგუფები მოეხსნა არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის სახლიდან.  

ჯემალ შამათავამ ღონისძიების დაწყებამდე მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა პატარკაციშვილის კომენტანტს და გააფრთხილა მოსალოდნელი თავდასხმის თაობაზე. ეს ფაქტი ცნობილი გახდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისთვის. ამის გამო, ჯემალ შამათავას დასჯის მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის - გია დგებუაძის ორგანიზებით შემუშავებულ იქნა მისი განზრახ უკანონოდ დაკავების გეგმა, რომლის განხორციელებაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ  კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები - ლევან ქარდავა, დავით ქოქაშვილი და ილია გამგებელი" - აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების ვერსიით, გეგმის რეალიზაციის მიზნით დაბა ურეკში, გ.დ.-ს ნდობით აღჭურვილმა პირმა ბ.ბ.-მ მოახდინა თ.წ.-ს მობილური ტელეფონისა და ძვირფასეულობის ქურდობის ინსცენირება, რის გამოც იგი დააკავეს და მიიყვანეს ურეკის პოლიციის შენობაში. ბ.ბ-მ მიიყენა თვითდაზიანება, დაიწვა სხეულზე სიგარეტი და ამ ფაქტის ჩადენაში ამხილა ურეკის პოლიციის უფროსი ჯემალ შამათავა. ასევე დანაშაულის, კერძოდ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებაში ჯემალ შამათავა ამხილა თ. წ.-მ.  

"2006 წლის 22 აგვისტოს, ჯემალ შამათავა დაიბარეს ფოთის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ასევე მივიდა ლ.ქ. ორ თანმხლებ პირთან ერთად. ლ. ქ.-მ იძულებით წამოიყვანა ჯემალ შამათავა და წარადგინა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, სადაც იმავე დღეს, გ.დ.-ს ორგანიზებით  განხორციელებული ქმედებების და ხელოვნურად შექმნილი გარემოებების/მტკიცებულებების საფუძველზე, დააკავეს საქართველოს სსკ-ის 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ,,დ“ და სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ უკანასკნელს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა" - აცხადებს პროკურატურა.

ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მესამე ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თორმეტ წლამდე ვადით.

"გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები