აშშ-ირანი

აშშ-მა ირანის აიათოლა ალი ხამენეისთან დაახლოებულ 9 პირს სანქციები დაუწესა

აიათოლა ალი ხამენეი
Reuters

აშშ-მა ირანის უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან დაახლოებულ 9 პირს სანქციები დაუწესა. მათ შორის არის ხამენეის ერთ-ერთი შვილი, სასამართლოს მეთაური და შტაბის უფროსი.

სანქციები მათ ამერიკაში რაიმე ქონების ფლობას ან ამერიკულ კომპანიებთან თუ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას აუკრძალავს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ შავ სიაში შეჰყავთ ირანის შეიარაღებული ძალების პერსონალიც.

"დღეს სახაზინო დეპარტამენტი მიზანში იღებს იმ პირებს, ვინც ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ხამენეის ახვევია გარს  რომლებიც ხალხს არ აურჩევია და დესტაბილიზაციის პოლიტიკას აწარმოებენ." თქვა სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა სტივენ მნუჩინმა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში სანქციებს "სასოწარკვეთის ნიშანი" უწოდეს.

სანქციების გამოცხადება დაემთხვა თეირანში, ამერიკის საელჩოს აღების 40 წლისთავს, როდესაც 50 ამერიკელი ტყვედ აიყვანეს და საელჩოში 444 დღე ჰყავდათ დაკავებული.

სანქციების გამოცხადების პარალელურად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი აგენტის, რობერტ ლევინსონის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციაზე 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. ლევინსონი ბოლოს სწორედ ირანში ნახეს.

"ტრამპის ადმინისტრაცია ნათლად აცხადებს, რომ ირანის რეჟიმმა ყველა დაკარგული და უსამართლოდ დაკავებული ამერიკელი უნდა გაათავისუფლოს. ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ მათ ოჯახებში არ დავაბრუნებთ." თქვა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ირანს სანქციები ხელახლა მას შემდეგ დუწესა, რაც დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა. მან ირანი შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.

ტრამპმამა დამატებითი სანქციების დაწესების ბრძანება მიმდინარე წელს მას შემდეგაც გასცა, რაც საუდის არაბეთში ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტზე თავდასხმა მოხდა. აშშ და საუდის არაბეთი თავდასხმაში ირანს ადანაშაულებენ. ირანი ბრალდებებს უარყოფს.

აშშ-მა ირანი ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმის გარდა მიმდინარე წელს სპარსეთის ყურეში რამდენიმე ნავთობტანკერზე მომხდარ აფეთქებებშიც დაადანაშაულა, რასაც ირანი ასევე უარყოფს.

კომენტარები