მალის რესპუბლიკა

54 გარდაცვლილი - მალის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა

მალის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები
Alan Jocard / AFP/GETTY IMAGES

მალის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც როგორც მინიმუმ, 53 სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი გარდაიცვალა. 

ინფორმაციას ამის შესახებ CNN მალის რესპუბლიკის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მალის რესპუბლიკის მთავრობის სპიკერის, იაია სანგარის, განცხადებით, სამაშველო ჯგუფმა გარდაცვლილთა გვამები 10 გადარჩენილთან ერთად აღმოაჩინა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა, რომელიც 2012 წლიდან ალ-ქაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფება ანსარ-ად-დინის ისლამისტების მიერ კონტროლდება. 

სანგარის თქმით, ხელისუფლება ამ ეტაპზე ადგილზე სიტუაციას აკონტროლებს და გარდაცვლილები იდენტიფიცირებულები არიან. მალის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ თავდასხმას უწოდებს. ჯერჯერობით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. 

მალის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ტერორისტული თავდასხმები ხშირია. ბოლო პერიოდში ასეთი მასშტაბური თავდასხმა 2017 წლის იანვარში მოხდა, რასაც 37 ადამიანი ემსხვერპლა. ამ წლის სექტემბერში კი ტერორისტულ თავდასხმა მოხდა მალის ცენტრალურ ნაწილზეც, რამაც 38 სამხედროს სიცოცხლე შეიწირა. 

მალის რესპუბლიკის მთავრობა ქვეყნის ამ ნაწილების ყველა რეგიონში ვერ ახერხებს კონტროლის სრულად მოპოვებას. 

ევროკავშირი, რომელმაც მალის სამხედრო შენაერთები გაწვრთნა, დაშავებულებისა და დაღუპულთა ოჯახების მიმართ მწუხარება გამოხატა. 

"ევროკავშირი დგას მალის მთავრობისა და ერის გვერდით, რათა ვებრძოლოთ ამ სერიოზულ ძალადობას. ჩვენ ვაგრძენებთ მალის მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ კვლავ შეძლოს მთელ თავის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება, რათა უზრუნველყოს მისი განვითარება და მოქალაქეების კეთილდღეობა,"- წერია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები