აბაშიძე-კარასინის ფორმატი

აბაშიძე კარასინზე: მთავარია, რომ მას მოლაპარაკებებში რუსეთის ხელმძღვანელობის მანდატი აქვს

ტაბულა

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის მოლაპარაკების ფორმატში ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ გრიგორი კარასინი ახლა ფედერაციის საბჭოს წევრია და ეს სტატუსი არანაირად არაა იმაზე ნაკლები, ვიდრე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეობა. 

აბაშიძის თქმით, შეიძლება, ახლა კარასინს უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს და ნაკლებად იყოს შებოჭილი მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარჩოებით. 

"მთავარი ის არის, რომ მას აქვს ქვეყნის ხელმძღვანელობის მანდატი,"- ამბობს ზურაბ აბაშიძე რუსთავი 2-თან საუბარში. 

მისი თქმით, რამდენად შედეგიანი იქნება მორიგი შეხვედრები აბაშიძე-კარასინის ფორმატში, ამას დრო გამოაჩენს. 

"ზოგადად, მე იმის მომხრე ვარ, რომ შედეგებით ვიმსჯელოთ და არა რაღაც ზოგადი განცხადებებით, ზოგი ხმაურიანით, ზოგი ნაკლებად ხმაურიანი," - ამბობს აბაშიძე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აბაშიძე-კარასინის ფორმატში მომდევნო შეხვედრა ნოემბრის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე განხილვის ერთერთი თემა აუცილებლად იქნება შეჩერებული ავიამიმოსვლის საკითხი. 

"ახლა მეტის თქმა მე ნამდვილად არ შემიძლია, უფრო დეტალურად და უფრო მეტი ინფორმაცია მექნება, როდესაც ამ თარიღს მივუახლოვდებით და შეხვედრის შემდეგ, რა თქმა უნდა,"- ამბობს აბაშიძე. 

გრიგორი კარასინი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს აგვისტოს შემდეგ აღარ იკავებს. 23 აგვისტოს მას 70 წელი შეუსრულდა და სახელმწიფო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, მას თანამდებობის დატოვება მოუხდა. ამ დრომდე უცნობი იყო, როგორ გაგრძელდებოდა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი და ჩანაცვლდებოდა თუ არა კარასინი სხვა დიპლომატით, თუმცა 1 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ, თქვა, რომ კარასინი ამ მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთის მხარის წარმომადგენელი მაინც იქნება. 

ბოლო შეხვედრა მხარეებს შორის 13 ივნისს, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, საქართველოში ხმაურიან ვიზიტამდე გაიმართა. 

კომენტარები