წულუკიანი მეუფე იაკობის განცხადებაზე: არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ეს არის სისულელე

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ბოდბელი ეპისკოპოს იაკობის განცხადებები სისულელეა. მისი თქმით, ასეთი განცხადებები, პირველ რიგში ეკლესიას აყენებს ჩრდილს. 

"არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ეს, რა თქმა უნდა, არის სისულელე. ძალიან გული მტკივა. რაც მეუფის მხრიდან მოვისმინეთ, ამგვარი განცხადებები, პირველ რიგში ეკლესიას აყენებს ჩრდილს და მე უარს ვამბობ მივიღო მონაწილეობა იმ ტიპის დებატში, რომელიც ეკლესიას მიაყენებს ჩრდილს და ასევე პატრიარქს გულს ატკენს"- ამბობს წულუკიანი. 

.......

26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

აღნიშნულს გამოეხმაურა მეუფე პეტრე და მეუფე იაკობისა და "მსგავსი ადამიანების ეკლესიაში არსებობაზე და მათ თავნებობაზე" პასუხისმგებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს დააკისრა. 

საპატრიარქოში მეუფე იაკობის განცხადებებზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

კომენტარები