მეუფე პეტრე: მეუფე იაკობის თავნებობაზე პასუხისმგებლობას კათოლიკოს პატრიარქს ვაკისრებ

მეუფე პეტრე მეუფე იაკობისა და "მსგავსი ადამიანების ეკლესიაში არსებობაზე და მათ თავნებობაზე" პასუხისმგებლობას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს აკისრებს. მეუფე პეტრე მეუფე იაკობის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვით, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ერთად პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და სახელისუფლებო პირები გეგმავდნენ.

"ერთმა მღვდელმთავარმა მითხრა, რომ პირადად მოასმენინა [მეუფე იაკობის განცხადებები] კათალიკოს პატრიარქს გერმანიაში ყოფნისას. აქედან გამომდინარე, ის ეჭვიც განქარდა, რომ თითქოს პატრიარქი არ იყო საქმის კურსში. მან ძალიან კარგად იცის, თუ ვინ არის მეუფე იაკობი, რას საქმიანობს, რა განცხადებებს აკეთებს, როგორ იქცევა",-ამბობს მეუფე პეტრე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.  

მეუფე პეტრეს თქმით, როცა მეუფე იაკობისა და "მსგავსი ადამიანების ეკლესიაში არსებობაზე" ხმა აღიმაღლა, მას გაფრთხილება მისცეს.

"მაშინ, როდესაც 2017 წლის მარტში საგანგებო სხდომა მოიწვეს, მაშინ, როდესაც ამ უსამართლობის, ამ უსინდისობის, ამ უზნეობის წინააღმდეგ ხმა აღვიმაღლე, დამიბარეს და გაფრთხილება მომცეს, თითქოს მე ვახდენდი საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციას",-ამბობს მეუფე პეტრე. 

ცნობისთვის, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

კომენტარები