გრიგოლ ლილუაშვილი

სუს-ის უფროსი: ფობიებს უნდა ვებრძოლოთ, რუსოფობია ვერ წაგვადგება

იმედი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახლადდანიშნული უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ ქუთაისში რუსული თეატრის დასის გამოსვლის პროტესტი რუსოფობიაა, რომელსაც ქვეყანა ჩიხში შეჰყავს. 

ვინაიდან, ლილუაშვილის თქმით, "რუსოფობია არ წაგვადგება", საპროტესტო აქცია კი მხოლოდ "კონკრეტულ სეგმენტზე გათვლილი გულის მოსაფხანი" მოქმედება შეიძლება ყოფილიყო. 

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრმა 19-20 ოქტომბერს მოსკოვის თეატრს "ნიკიტკის კარიბჭეს" უმასპინძლა, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. 

სუს-ის უფროსმა ეს 22 ოქტომბერს იმედის ეთერში, გადაცემა SWOT ანალიზში თქვა. გადაცემის წამყვანმა, ნიკა ლალიაშვილმა მას ჰკითხა, არსებობს თუ არა საზოგადოებაში არსებული ფობიების დაძლევის საშუალება, ვინაიდან, ვიცით, რომ არსებობს ვთქვათ "ამერიკოფობია","თურქოფობია" და სხვა. 

"აუცილებელია განხორციელდეს უფრო მეტი საგანმანათლებლო პროგრამები და დისკუსიები, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ფობიებს ვებრძოლოთ, ვინაიდან რუსოფობია ვერ წაგვადგება. ხალხი აბსოლუტურად გულღიად ხვდება იმ დიდ ტურისტულ ნაკადებს, რომელიც რუსეთიდან მოედინება, ხალხში არ არის აგრესია რუსი ერის მიმართ. ცხადია, აგრესია გვაქვს და არ ვეთანხმებით რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას საქართველოს მიმართ.

გუშინ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მე ასე ვფიქრობ, ვინაიდან ქუთაისის მესხიშვილის თეატრმა მიიღო თავისი კოლეგის, სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთი დრამატული დასი, სადაც ჩვენი პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი აქტივისტები მიცვივდნენ და შეეცადნენ, ჩაეშალათ ეს ღონისძიება, ვინაიდან სტუმრები წარმოადგენდნენ რუსეთის მოქალაქეებს.

ასეთი ფობიები, რა თქმა უნდა, შედეგის მიღწევაში არ წაგვადგება. ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ სეგმენტზე გათვლილი გულის მოსაფხანი რეაქციები, თუმცა საქმეს ნამდვილად არ წაადგება.

შესაბამისად, თუკი იმ 9 მილიონი ტურისტიდან ნახევარზე ცოტა მეტი იყო რუსულენოვანი სამყაროდან ჩამოსული და ჩვენ მათ გაშლილი ხელით, ღვინით, ჩვენი ტრადიციული სტუმარმასპინძლობით დავხვდით – რატომ უნდა დავხვდეთ აგრესიით ხელოვან ადამიანებს, რომელთაც სპექტაკლი აქვს ჩამოტანილი ქუთაისში?!

ჩვენ უნდა ავირჩიოთ მიმართულებები, რომლებიც ფონს გაგვიყვანს და არა ჩიხში მოგვამწყვდევს. მე ვფიქრობ, რომ ეს ფობიური განცდები და მოქმედებები, რეაქციები, სწორედ ჩიხში შესაყვან მიმართულებებს წარმოდგენს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ეს უნდა გადავლახოთ“, - თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა.

კომენტარები