გლობალური ეკონომიკა

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ბოლო 30 წლის მინიმუმზეა

ჩინეთის დროშის აღმართვა 2008 წლის ოლიმპიადაზე
Reuters

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, ჩინეთის მშპ-ს ზრდამ 6% შეადგინა, რაც სტატისტიკის წარმოების ისტორიაში, 1992 წლიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

ჩინეთის სტატისტიკის ნაციონალური ბიუროს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი სამი კვარტლის შემდეგ ჩინეთის მშპ 70 ტრილიონ იუანს (9,8 ტრილიონი დოლარი) გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,2%-ით მეტია.

ბიუროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი კვარტლიდან კვარტალმდე მცირდებოდა. მაგალითად წლის პირველ კვარტალში ზრდა 6,4% იყო, მეორეში - 6,2, ხოლო მესამე 6%. ეკონომიკური ზრდა ერთი საბაზისო პროცენტული პუნქტით უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ. 

გამოცემა South China Morning Post-ის ინფორმაციით, ჯამურად ჩინეთის ხელისუფლება 2019 წელს ეკონომიკის 6-6,5%-იან ზრდას ვარაუდობს. ოქტომბერში ჩინეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა მსოფლიო სავალუტო ფონდმაც. 

სავალუტო ფონდმა, ასევე 3%-მდე შეამცირა გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი. ფონდის ანალიტიკოსების თქმით, გლობალური ეკონომიკის შენელება დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარებით და საერთაშორისო ვაჭრობაში წარმოქმნილი ბარიერებით არის განპირობებული. მათ შორის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ფონდმა აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომი დასახელდა.  

როგორც ჩინეთის სტატისტიკის ბიუროს განცხადებაშია ნათქვამია, ჩინეთის ეკონომიკის შენელება აშშ-სთან მიმდინარე სავაჭრო ომით არ არის გამოწვეული. უწყების განმარტებით ზრდის შენელება დაკრედიტების გართულებით და მომხმარების შემცირებით არის გამოწვეული 

 

კომენტარები