"ახალი საქართველოს"ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ანგარიშსწორება წარსულს უნდა ჩაბარდეს. ვაშაძე გუშინ, 13 ოქტომბერს გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
"მთავარი" არხის ეთერში ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ თქვა, რომ აუცილებელია, ხელისუფლების ცვლილებას არ მოჰყვეს პოლიტიკური დევნა და ასევე აღნიშნა - "მე არ ვარ მომხრე ნათქვამის "ივანიშვილი ციხეში". ამ ლოზუნგის წინააღმდეგი ვარ."
"აღმშენებლობა ვერ იქნება, თუ არ იქნა ეროვნული თანხმობა. ეროვნული თანხმობა გვჭირდება იმისთვის, რომ მივუტევოთ და ვაპატიოთ ერთმანეთს და ყველა ერთად დავდგეთ და ქვეყანა ავაშენოთ. ვიცხოვროთ ნორმალურ, სამართლებრივ, კანონის უზენაესობის მქონე ქვეყანაში, სადაც ერთადერთი საზრუნავი იქნება როგორ გამოვიყვანოთ ხალხი გაჭირვებიდან და როგორ დავაყენოთ ფეხზე ქვეყანა და არა პოლიტიკური კინკლაობა და პოლიტიკური ანგარიშსწორება," - ამბობს ვაშაძე.
ბოკერიას ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიის წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური ამნისტიის დაანონსება არაფრისმომცემია.





