სებ

"ჩვენი ფუნქციები გაიზარდა" - სებ ახალი ოფისისთვის მიწის ნაკვეთის შესყიდვას ადასტურებს

კობა გვენეტაძე
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ეროვნული ბანკი ადასტურებს, რომ ახალი შენობისთვის მიწის ნაკვეთის შესაძენად ნასყიდობის ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. 

სებ-ის განცხადებით, ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მათი ფუნქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ყველაფერი კი, მარეგულირებლის ცნობით, შესაბამის საკადრო რესურსს და დამატებით საოფისე ფართს საჭიროებს. ცენტრალური ბანკის განცხადებით, არსებული საოფისე ფართები ვერც მიმიდინარე და მითუმეტეს ვერც სამომავლო მოთხოვნებს ვერ პასუხობს. 

"ამჟამად, საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების ერთი მესამედი ნაქირავებ ოფისშია განთავსებული, რაც, თავის მხრივ, სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული," - წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადების მიხედვით, ეროვნული ბანკის ახალი საოფისე ფართი 17 ათას კვადრატულ მეტრამდე იქნება, რომლის ხარჯების ნაწილის დაფარვასაც, მარეგულირებელი ორგანო არსებული შენობის გაყიდვიდან შემოსული თანხით გეგმავენ. 

"ხარჯების ეკონომიისა და თანხების გონივრულად განაწილების მიზნით, ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აშენდეს ცალკე შენობა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის გამართულ და შეუფერხებელ წარმართვას,"- წერია განცხადებაში. 

სებ-ის განცხადებით, ახალი ოფისის მიწის ნაკვეთის მოძიების მიზნით, საწყის ეტაპზე მათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიას მიმართეს. ცენტრალური ბანკის ცნობით, ამ უწყებებისგან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიწის თავისუფალი ფართის შესახებ უარი მიიღეს, რის შემდეგაც სხვა ალტერნატივა განიხილეს. 

მარეგულირებლის ცნობით, მათ ნასყიდობის ხელშეკრულება საქართველოში რეგისტრირებულ კომპანია შპს "სითი ცენტრთან" გააფორმეს. 

"ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ეროვნული ბანკი მიწის საფასურს არ გადაუხდის გამყიდველს მშენებლობისათვის საჭირო ნებართვის მიღებამდე. ნასყიდობის ხელშეკრულება მაქსიმალურად იცავს ეროვნული ბანკის ინტერესებს, ვინაიდან რისკების თავიდან აცილების მიზნით, მშენებლობისათვის აუცილებელი ნებართვების მიუღებლობის შემთხვევაში, ქონება უკან დაუბრუნდება გამყიდველს მისივე ხარჯით, ხოლო ეროვნულ ბანკს არანაირი სანქცია არ დაეკისრება," - წერია განცხადებაში. 

მთავარი არხის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის ახალი ოფისისთვის მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს 25 მილიონი ლარი დაუჯდება, ხოლო ახალი ოფისის აშენება - 50 მილიონი ლარი. 

კონკრეტულ ხარჯებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის განცხადებაში არაფერი წერია. 

"რაც შეეხება თავად ოფისის მშენებლობას, დეტალური ინფორმაცია, პროექტის სრული სახელშეკრულებო ღირებულების ჩათვლით, მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული სატენდერო პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი,"- წერს მარეგულირებელი. 

კომენტარები