ბრექსითი

გავრცელებული ცნობის მიუხედავად, ჯონსონი უარყოფს ბრექსითის შესაძლო გადადებას

ბორის ჯონსონი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ტვიტერზე გამოეხმაურა ცნობას იმის შესახებ, რომ გაცემული პირობის მიუხედავად, აპირებდა ევროკავშირისთვის ბრექსითის თარიღის გადადება ეთხოვა შეთანხმების ვერმიღწევის შემთხვევაში.

"იქნება ახალი შეთანხმება, ან არ იქნება შეთანხმება, მაგრამ არ იქნება გადადება", - წერს ჯონსონი.

დოკუმენტები, რომელიც იუწყებოდა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრი მზადაა მოსთხოვოს ევროკავშირს ბრექსიტის ვადის გადაწევა იმ შემთხვევაში, თუ 31 ოქტომბრამდე ლონდონი და ბრიუსელი ვერ მიაღწევენ შეთანხმებას გასვლის პირობებზე, მთავრობამ შოტლანდიის სასამართლოს წარუდგინა.

კანონით, გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი 2019 წლის 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს, თუმცა ბორის ჯონსონის მთავრობას ამ დრომდე არ მიუღწევია შეთანხმება გასვლის პირობებზე ევროკავშირთან.

ბორის ჯონსონი, რომელიც 2019 ივლისის ბოლოს გახდა პრემიერმინისტრი, მოსახლეობას პირდებოდა, რომ ქვეყანა ევროკავშირს 31 ოქტომბერს დატოვებდა იმისდა მიუხედავად, მიიღწეოდა თუ არა იქამდე შეთანხმება ბრიუსელთან.

"31 ოქტომბერს გაერთიანებული სამეფო დატოვებს ევროკავშირს, არანაირი თუ, არანაირი მაგრამ", - ამბობდა ჯონსონი.

აგვისტოს ბოლოს, ბორის ჯონსონმა დედოფალს სთხოვა, დროებით შეეჩერებინა პარლამენტის მუშაობა. ამისდა მიუხედავად, პარლამენტმა მაინც მიიღო კანონპროექტი, რომელიც პრემიერმინისტრს ავალდებულებდა, ევროკავშირისთვის გასვლის ვადის გადადება ეთხოვა თუ შეთანხმება ვერ მიიღწეოდა 31 ოქტომბრამდე.

მოგვიანებით, უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია პარლამენტის მუშაობის დროებითი შეჩერება.

ბორის ჯონსონის თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების მიუხედავად, არ აპირებდა, ევროკავშირისთვის ბრექსითის თარიღის გადადება ეთხოვა.

კომენტარები