სექსუალური შევიწროება

ფორსაჟის რეჟისორი რობ კოენი სექსუალურ შევიწროებაში ისევ დაადანაშაულეს

JOE KOHEN / INVISION/AP

მძაფრსიუჟეტიანი ფილმების რეჟისორს, რობ კოენს, სექსუალურ შევიწროვებაში ისევ ადანაშაულებენ. 

Huffington Post-ში 28 სექტემბერს გამოქვეყნდა მასალა, სადაც ქალი, პირობითი სახელით ჯეინი (რომლის ანონიმურობაც დაცულია), ამბობს, რომ კოენმა ის სექსუალურად შეავიწროვა მაშინ, როდესაც ის გონდაკარგული იყო. ჯეინისვე თქმით, ეს შემთხვევა 2015 წელს მოხდა, როდესაც კოენმა ის მანჰეტენზე ბიზნეს შეხვედრაზე მიიწვია, რათა სატელევიზიო პილოტისთვის კოლაბორაციაზე ემსჯელათ. 

როგორც HuffPost წერს, ჯეინმა სადილის შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, თუმცა კოენს მაინც გაჰყვა სხვა ბარში, რადგან როგორც თავად ამბობს ის "აღტაცებული იყო მისი კარიერისთვის ამ შესაძლებლობით". შემდეგი რამ, რაც მას ახოვს, მისი თქმით, ისაა, რომ მან "შიშველმა გაიღვიძა და კოენის თავი ფეხებს შორის, თითები კი მასში აღმოაჩინა". 

HuffPost ასევე წერს, რომ ჯეინი სექსუალური შევიწროების გამო მკურნალობდა კიდეც მას შემდეგ, რაც კოენს შეხვდა. ამასთან, გამოცემა ამბობს, რომ ჯეინის ორმა ნაცნობმა მათ დაუდასტურეს ეს ინფორმაცია და უთხრეს, რომ ეს ისტორია ჯეინმა მათ მომხდარიდან მალევე მოუთხრო. 

კოენის ადვოკატმა, მარტინ სინგერმა, HuffPosts-ს 13-გვერდიანი წერილი მიწერა.

"ამბავი, როგორც მას წარმოგვიდგენთ, არის პოპულარობის მოსაპოვებლად გამიზნული სასტიკი ცილისწამება, რომელიც წარმოუდგენელ ბრალდებებს უყენებს ჩემს კლიენტს იმაზე, რომ მან საშინელი სექსუალური გადაცდომები, დანაშაული და სხვა გაუმართლებელი ქმედებები ჩაიდინა, რასაც ჩემი კლიენტი კატეგორიულად უარყოფს და ეწინააღმდეგება,"- წერს სინგერი წერილში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რეჟისორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. 2019 წლის დასაწყისში მისმა ქალიშვილმა, ვოლკირი ვეზერმა, თქვა, რომ ბავშვობისას კოენი მასზე სექსუალურად ძალადობდა. ვეზერი ასევე ყვება, რომ როდესაც ის თინეიჯერი იყო, საზღვარგარეთ გადაღებებზე ყოფნისას კოენს ის სექსმუშაკებთან დაჰყავდა. კოენი ბრალდებებს უარყოფს. 

რობ კოენი ისეთი პოპულარული ფილმების რეჟისორია, როგორებიცაა "ფორსაჟი", "მუმია: დრაკონების იმპერატორების სამარხი" და სხვა. 

კომენტარები