რა თქმა უნდა შესაბამისს ფორმატში და კონტექსტში რუსეთთან დიალოგი პრობლემა არ არის, მაგრამ პრობლემა არის ის, როდესაც საზოგადოება ამ დიალოგის შესახებ იგებს რუსული მხარისგან და მით უმეტეს ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ ქართული ოცნების წინააღმდეგობას პარლამენტში, რომ არ დაუჭირონ მხარი რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს, რასაც სთავაზობს "ევროპული საქართველო".
ბუნებრივია, ეს აჩენს კითხვის ნიშნებს იმის თაობაზე, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს შეხვედრა, რა შედეგი დადგა და რამდენად შეესაბამებოდა ეს შეხვედრა ჩვენს დეკლარირებულ პოლიტიკურ ამოცანებს. ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია ამ ლეგიტიმურ კითხვებზე გასცეს დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხი საზოგადოებას, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხად მიიღებს სრულიად ლეგიტიმურ და კანონიერ უნდობლობას საზოგადოების მხრიდან.