შეწყალების საქმე

ბოკერია: შეწყალების საქმეზე ბევრი პირი უნდა დაიკითხოს, მათ შორის დიმიტრი გაბუნია

საქართველოს პარლამენტი

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ბევრი პირი უნდა დაიკითხოს, მათ შორის ისინი ვინც დაკავშირებული იყო შეწყალებული პირების დაცვასთან და ასევე აუცილებლად უნდა დაიკითხოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია. 

"მორალური პასუხიმგებლობა და ეს სამარცხვინო შეურაცხყოფა უკვე ფაქტია და ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს როგორი შეურაცხყოფა მიაყენეს საზოგადოებას ივანიშვილმა და მისმა გუნდმა როცა ეს სამარცხვინო პოლიტიკური ფიგურა დაასვეს ძალადობით ქვეყანას თავზე და ვიმკით ახლა ამ შედეგებს," - ამბობს ბოკერია მთავარ არხთან საუბრისას. 

მთავარმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა საქმეზე გამოძიება, მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპულმა საქართელომ წერილობით მიმართა. 

ევროპული საქართველოს წევრმა ირმა ნადირაშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, წერილობით გუშინ, 19 სექტემბერს მიმართა. ნადირაშვილის თქმით, სანდო წყაროსგან მიიღებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას, შეწყალების საკითხით დაინტერესებული პირები უკავშირდებიან და მასთან ფინანსურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ თუ რა ფასად შეიძლება იყოს ესა თუ ის პირი შეწყალებული.

მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.

კომენტარები