'სირცხვილიას" მონაწილეებზე საშვები დაშვებულია, მაგრამ პარლამენტში არ უშვებენ. მოქალაქეებმა აქცია ჯერ ქართული ოცნების ოფისთან ჩატარდა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერმინისტრის პოსტზე წარადგინა, რის შემდეგაც მათ პარლამენტთან გადმოინაცვლეს და დეპუტატებს სირცხვილის დერეფნები მოუწყეს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები უნდა განიხილონ. მოქალაქეებს სწორედ ამის გამო სურთ პარლამენტში შესვლა.
შენობაში ასევე არ უშვებენ ევროპული საქართველოს დეპუტატებსაც.
"სირცხვილია", "მონებო" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
"განწირული, სასოწარკვეთილი ქცევა, რომელსაც ეშინია ხალხის ხმის" - ასე აფასებს პოლიციის ქმედებებს დეპუტატი გიორგი კანდელაკი.
მოგვიანებით პარლამენტში უთხრეს, რომ "საშვების პროგრამამ გაჭედა".
სამთავრობო ცვლილებები ქართული ოცნების ოფისში დღეს დაანონსდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერი გახდება.
გიორგი გახარიამ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს თავდაცვის მინისტრის პოსტს.
ლევან იზორია უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოს.
შს მინისტრად სუს-ის მოქმედი უფროსი, ვახტანგ გომელაური დაინიშნება.
"ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო პარტიის ხელმძღვანელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს, პოლიტსაბჭოს ასეთი მხარდაჭერისთვის და მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, მამუკა ბახტაძეს გაწეული შრომისთვის", - თქვა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილებებს და პროგრამას პარლამენტში ის დღეს წარადგენს.
ქართული ოცნების ამ განხცხადების პარალელურად პარტიის ოფისთან აქცია"სირცხვილია" მიმდინარეობს.
ორ თვეზე მეტია, ანტისაოკუპაციო აქცია სირცხვილია იმართება - სამოქალაქო აქტივისტები გიორგი გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომას 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის გამო ითხოვდნენ. მმართველმა გუნდმა აქციის 76-ე დღეს ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან მართლაც გადააყენა, თუმცა, დააწინაურა და მთავრობის მეთაურად დანიშნა.




