რუსული ოკუპაცია

ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა და მისი გამაგრება ამ წუთებშიც გრძელდება. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი გუშინ, 29 აგვისტოს წაუყენა - დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. 

მთელი ღამის განმავლობაში სოფელ ჩორჩანასთან გრძელდებოდა საგუშაგო კოშკის მშენებლობა და გამაგრება, ასევე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ აქ დღის განმავლობაში ასევე ელოდებიან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ასევე, შესაძლოა შედგეს შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 

"მე ამას დრამატულად არ შევხედავდი, ეს არის ინციდენტი, რომელიც საჭიროებს ძალიან პრაგმატულ, მშვიდ, წყნარ მიდგომას და ჩვენ ხელთ არსებული დიპლომატიური ინსტრუმენტების გააქტიურებას, რათა მოხდეს აღნიშნული საკითხის მშვიდად, წყნარად დარეგულირება". 

რაც შეეხება ულტიმატუმის ენით საუბარს, კახა ქემოკლიძე ამბობს, რომ ის პირადად სხვა დროსაც შესწრებია მსგავსი ტიპის საუბრებს ერგნეთის შეხვედრაზე. 

ერგნეთის ინციდენტებზე რეაგირების და მათი პრევენციის მექანიზმის მოლაპარაკებებში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა 29 აგვისტოს თქვა, რომ მათთვის "მიუღებელი იყო საგუშაგო პოსტის მოტანა "საზღვრიდან" 250 მეტრამდე, ვინაიდან ეს საფრთხის შემცველია". 

"ქართველმა პოლიციელებმა გაიყვანეს გზა, პირდაპირ სამხრეთ ოსეთის სოფელთან. ამ რაიონში ჩვენ დიდი ხანია, ვთავაზობთ ქართველებს, კონსტრუქციულად დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და გავავლოთ სასაზღვრო ხაზი". 

როგორც მან სააგენტო რეს-ს უთხრა, ერგნეთში გუშინდელ შეხვედრაზე "ერთი საკითხი იქნა განხილული - საგანგებო მდგომარეობა სოფელ წნელისთან, სადაც ქართულმა სპეცსამსახურებმა პროვოკაციულად დადგეს საგუშაგო კოშკი, როგორც ისინი ამას თავად უწოდებენ. ჩვენი მხარის ერთადერთი მოთხოვნაა, ქართულმა პოლიციელებმა ტერიტორია დატოვნ". 

"ჩვენთვის მიუღებელი იყო საგუშაგო პოსტის მოტანა "საზღვრიდან" 250 მეტრამდე, ვინაიდან ეს საფრთხის შემცველია. ასევე, ქართველმა პოლიციელებმა გაიყვანეს გზა, პირდაპირ სამხრეთ ოსეთის სოფელთან. ამ რაიონში ჩვენ დიდი ხანია, ვთავაზობთ ქართველებს, კონსტრუქციულად დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და გავავლოთ სასაზღვრო ხაზი. 

მაგრამ საქართველოს დელეგაციამ განაცხადა, რომ პოსტი საქართველოს ტერიტორიაზეა განთავსებული, ამავე დროს, მათ არ შეუძლიათ წარუდგინონ რაიმე დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებს მათ უსაფუძვლო განცხადებებს. 

სამხრეთ ოსეთის მხარემ შეწყვიტა დიალოგი, ვინაიდან ქართული მხარე არ წავიდა კომპრომისზე და არ სურს მიზეზების მოსმენა. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ დააყენა პირობა, აიღონ პოსტი პარასკევს დილის 6 საათამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხარე მიიღებს კანონით დადგენილ ყველა ზომას", - ამბობს ეგორ კოჩიევი. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა, სადაც 10 საკითხის განხილვა იგეგმებოდა, ჩაიშალა.

კომენტარები