რუსთავი 2-ის საქმე

ხალვაში: ბევრმა ჟურნალისტმა ემოციური გადაწყვეტილება მიიღო, იმედი მაქვს, ეს მალე შეიცვლება

ipress.ge

რუსთავი ორის ახალი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შეფასებით, "ტელევიზიის ფინანსური ნგრევის შემდეგ, გვარამია არხის თანამშრომლებზე გადაერთო". ხალვაში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს "რუსთავი 2-ის გადასარჩენად". ის "პოზიტიურ ცვლილებებს" უახლოეს დღეებში აანონსებს.

"საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია რუსთავი 2-ში განვითარებული მოვლენები. ეს მოვლენები კიდევ ერთი მტკიცებულებაა ჩემი ვარაუდისა, რომ სააკაშვილი და გვარამია მიზანმიმართულად ანგრევდნენ კომპანიას. ფაქტია, ტელევიზიის ფინანსური ნგრევის შემდეგ, გვარამია არხის თანამშრომლებზე გადაერთო და მათ წინააღმდეგ არნახული ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი წამოიწყო.

საზოგადოებამ იცის, რომ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც რუსთავი 2-ში მუშაობდნენ, ჩვენ შევთავაზეთ სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა, დასავლური, ცივილიზებული სტანდარტით მუშაობა, რაც ნიშნავს კრიტიკულ, ობიექტურ და მიუკერძოებელ მაუწყებლობას. მიუხედავად იმისა, რომ არხიდან რამდენიმე ადამიანის კონკრეტული მიზეზებით გათავისუფლება მოხდა, ზოგიერთმს თანამშრომელმა ეს აღიქვა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად, თუმცა ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მათ საქმიანობაში ჩემი მხრიდან რაიმე ჩარევა მოხდა.

ცხადია, რომ ჟურნალისტების გარკვეული ნაწილის წასვლა, თავიდანვე ცხადი იყო და მხოლოდ ნიკა გვარამიას მოწოდებაზე იყო დამოკიდებული, რაც აშკარად გამოჩნდა კიდევაც. ჩემთვის ნათელია, რომ ნიკა გვარამია მის პატრონთან, სააკაშვილთან ერთად ცდილობდა, რუსთავი 2-სათვის დაეკარგა ტელევიზიის სახე და აგრესიული პარტიული პროპაგანდის იარაღად გადააქცია.

წლების განმავლობაში ამ პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტები - სიცრუე და საზოგადოების ცნობიერებაზე ძალადობა იყო. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ტელევიზიის სანდოობას პირველი კრიტიკული დარტყმა მიაყენა. ასევე უმძიმესი დარტყმა იყო ის ფინანსური მაქინაციები, რომლებმაც ტელეკომპანია ამ ვითარებამდე მიიყვანა. მათ შორის იყო ის ერთ-ერთი ეპოზოდი, რის გამოც მოხდა რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება. გვარამიას, ანაჯაფარიძეს, მელაძეს, ლაფერაშვილს, გაბუნიას, ასევე ყოფილ თანამშრომელ უდუმაშვილს, იმ დროს, როდესაც კომპანიის თანამშრომლების ხელფასები გაყინული იყო, ასიათასობით ლარი აქვთ მიღებული. ახლა ცდილობენ, ეს თანხები ბონუსად წარმოაჩინონ, თუმცა აშკარაა, რომ ასეთი ბონუსები კომპანიას არ გაუცია და სწორედ რუსთავი2-ის კუთვნილი, მაგრამ სხვა კომპანიაში დალექილი თანხმები მიიღეს, ჩუმად, სხვა თანამშრომელბისაგან მალულად, გადასახადების გადაუხდელად.

ყველაფრის მიუხედავად, მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ რუსთავი 2-ის გადასარჩენად და იმისათვის, რომ შექმნილ ვითარებაში სწრაფად მოვახერხოთ არხის რეაბილიტაცია და ისევ იმ კურიერის დაბრუნება ეთერში, რომელიც უამრავ მაყურებელს მიიზიდავს. სამწუხაროდ, ბევრმა ჟურნალისტმა გუშინ მიიღო ემოციური გადაწყვეტილება, რაც იმედი მაქვს, რომ მალე შეიცვლება, როდესაც დარწმუნდებიან, რომ რუსთავი 2 არ ღალატობს თავის ძველ ტრადიციას, არის კრიტიკული, შეუპოვარი და დამოუკიდებელი, ისეთი როგორიც იყო წლების წინ, სანამ ბოლომდე პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცეოდა და როდესაც მათ საზოგადება ენდობოდა. პოზიტიურ სიახლეებს უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ!," - ნათქვამია განცხადებაში.

რუსთავი 2 გუშინ, 21 აგვისტოს დატოვეს კურიერის ჟურნალისტებმა და ოპერატორების ნაწილმა. ორი დღეა, რუსთავი 2-ის ეთერში საინფორმაციო გამოშვების ნაცვლად მხატვრული ფილმები გადის. მას შემდეგ, რაც 20 აგვისტოს, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, კურიერი ეთერში აღარ გასულა. 

ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ "ინტერესთან კონფლიქტის" მოტივით გაათავისუფლა. კერძოდ: თავდაპირველად რუსთავი 2-დან გაუშვეს გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე. 

კურიერის თანამშრომლების გარდა, არხიდან წავიდნენ შუადღის გადაცემის წამყვანები და P.S-ის გუნდი. 

2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

ნიკა გვარამიამ 17 აგვისტოს ახალი, "მთავარი არხი" დაარეგისტრირა, 21 აგვისტოს კი განაცხადა, რომ ორშაბათიდან თანამშრომლებთან კონტრაქტის გაფორმებას იწყებს.

კომენტარები