ბრექსითი

ბრიტანელთა უმეტესობა ბრიტანეთის ევროკავშირიდან ნებისმიერი გზით გამოსვლას მხარს უჭერს 

skynews

ბრიტანელთა უმეტესობა ბრიტანეთის ევროკავშირიდან ნებისმიერი გზით გამოსვლას მხარს უჭერს.

ComRes-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, ბრიტანელთა 54% მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ "ბორის ჯონსონმა ბრიტანეთი ევროკავშირიდან ნებისმიერი გზით უნდა გამოიყვანოს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს პარლამენტის გამორიცხვას მოითხოვს, რათა პარლამენტარებმა ამ პროცესის შეჩერება ვერ შეძლონ". კვლევა 1 645 გამოკითხულის პასუხს ეყრდნობა.

ამავე გამოკითხვით გაირკვა ისიც, რომ კონსერვატიული პარტიის მხარდაჭერა 6%-ით გაიზარდა და ახლა ეს რიცხვი 31% არის, ლეიბორისტულ პარტიის - 27%. გამოკითხვა 1 783 რესპოდენტის პასუხს ეყრდნობა, რომელიც ხმის მიცემას, სავარაუდოდ, აპირებს.

გამოკითხვა 9-დან 11 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა.

დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერმინსტრმა ბორის ჯონსონმა დაუნინგ სტრიტზე თქვა, რომ გაერთიანებული სამეფო 31 ოქტომბერს დატოვებს ევროკავშირს - "არანაირი თუ, არანაირი მაგრამ. ჩვენ გვექნება ახალი შეთანხება, უკეთესი შეთანხმება, რაც ბრექსითისშესაძლებლობების მაქსიმუმს მოგვცემს. ამავდროულად, დანარჩენ ევროპასთან ახალი, საინტერესო პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობა მოგვეცემა, რაც თავისუფალ ვაჭრობასა და ორმხრივ მხარდაჭერაზე იქნება დაფუძნებული​."

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის თქმით ბრექსითისათვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს და 31 ოქტომბრისთვის ქვეყანა ევროკავშირის შეთანხმებით, ან შეთანხმების გარეშე დატოვებისათვის მზად იქნება.

მან გაიმეორა ჯონსონის პოზიცია, რომ ე.წ. "ბექსტოპი" არადემოკრატიულია და ბრექსითის შეთანხმებიდან უნდა ამოიღონ.

ახალ მინისტრთა კაბინეტში ამბობენ, რომ არ მოელიან, რომ ევროკავშირის ბრექსითის შეთანხმებაზე ხელახალ მოლაპარაკებებს დათანხმდება და, ამიტომ, 31 ოქტომბერს ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვებისათვის ემზადებიან.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის ახლადარჩეულმა პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროკავშირს მიმართა და თქვა, რომ ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად შემუშავებული მექანიზმი, ე.წ. "ბექსტოპი" ბრექსითის შეთანხმებიდან უნდა გამოირიცხოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯონსონის თქმით, შეთანხმება ვერ შედგება და დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გავა.

"ბექსტოპის" მექანიზმით ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა, ბრიტანეთი ვერ დატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან “მყარი საზღვრის” დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს “უფრო ღრმა” საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

"ბექსტოპის" საკითხი ტერეზა მეის შეთანხმების მთავარ წინააღმდეგობად იქცა, რის შედეგადაც პარლამენტმა მის მიერ შეთავაზებული გეგმა სამჯერ ჩააგდო და, საბოლოოდ, მეიმ პოსტი დატოვა.

ჯონსონს მიაჩნია, რომ მისი მუქარა შეთანხმების გარეშე გასვლის თაობაზე ევროკავშირის სახელმწიფოებს, განსაკუთრებით კი გერმანიასა და საფრანგეთს ხელახალი მოლაპარაკებების წარმოების აუცილებლობაში დაარწმუნებს.

ევროკავშირში ბორის ჯონსონის განცხადებებს გამოეხმაურნენ. ბრექსითის მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელმა, მიშელ ბარნიემ თქვა, რომ შეთანხმებიდან ე.წ. "ბექსტოპის" ამოღება მიუღებელია.

იგივე პოზიცია დააფიქსირა ჯონსონთან სატელეფონო საუბარში ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმაც. მან თქვა, რომ არებული შეთანხმება საუკეთესო შესაძლო ვარიანტია.

გარდა ამისა, ბრიტანელმა კანონმდებლებმა 315 ხმით 274-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს შემოთავაზებას, რომელიც ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას და ამისთვის პარლამენტის უფლებამოსილების შეჩერებას გაართულებს, თუმცა სრულად არ ბლოკავს.

კომენტარები