რუსეთი

ბოლო ხუთ წელში სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკამ დაახლოებით 400 მილიარდი დოლარი იზარალა

Kirill Kudryavtsev / AFP / Getty Images

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ყირიმის ანექსიის გამო, დაწესებული ევროპული და ამერიკული სანქციებით რუსეთის ეკონომიკის ზრდა ყოველწლიურად 0,2 პროცენტით ნელდებოდა. ფონდის კვლევა რუსეთის ეკონომიკის შესახებ ფონდის საიტზეა განთავსებული.

ჯამურად ამ პერიოდში სანქციების გამო, რუსეთის ეკონომიკური ზრდა 2,4% პროცენტით შემცირდა, რაც რუსეთის ამჟამინდელ მშპ-სთან მიმართებაში, დაახლოებით 400 მილიარდი დოლარია.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოცემულ პერიოდში უფრო დიდი დარტყმა რუსეთის ეკონომიკამ ნავთობის ფასების შემცირებით მიიღო. ნავთობზე ფასის შემცირების გამო, რუსეთის ეკონომიკა ყოველწლიურად 0,6 პროცენტული პუნქტით ნაკლებად იზრდებოდა. 

ფონდის ცნობით, რუსეთის ეკონომიკური ზრდა აღნიშნულ წლებში, მკაცრი საბიუჯეტო პოლიტიკის გამო, წლიურად საშუალოდ 0,1 პროცენტული პუნქტით მცირდებოდა, ასევე, ეკონომიკურ ზრდას წლიურად საშუალოდ 0,2 პროცენტული პუნქტით ამცირებდა რუსეთის მთავრობის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა.

სავალუტო ფონდის შეფასებით, ჯამურად, სანქციების, ნავთობზე ფასის შემცირების, რუსეთის საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამოისობით, რუსეთის ეკონომიკა ყოველწლიურად საშუალოდ მშპ-ს ზრდის 1,2 პროცენტს კარგავდა.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული 2014-2018 წლებში რუსეთის წლიური მშპ მოსალოდნელი 1,7%-ის ნაცვლად, 0,5%-ით იზრდებოდა. ამგვარად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკა ჯამურად 2,5%-ით გაიზარდა, რაც მოსალოდნელზე ორჯერ ნაკლებია.

თეორიულად, 2014-2018 წლებში რუსეთის მშპ-ს ზრდა შესაძლოა 5,9% ყოფილიყო. ფონდის ინფორმაციით, რომ არა დასავლური სანქციების რუსეთის მშპ მოცემულ პერიოდში 3,5% -ით გაიზრდებოდა.

 

კომენტარები