მამუკა ბახტაძე

ბახტაძე გვარამიაზე: განცხადება, რომ ევროპული ინსტიტუტები მოსყიდულია, ოკუპანტის ნარატივია

ჩემთვის ნებისმიერი ადამიანი, მით უმეტეს, ქართულ პოლიტიკაში ჩართული, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისთვის, მათ შორის განცხადებებით ამყარებს, რომ ევროპული ინსტიტუტები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს, თურმე არიან სუბიექტურები და მოსყიდულები, ჩემთვის ნებისმიერი ადამიანის მსგავსი სიტყვები ითარგმნება ოკუპანტი ქვეყნის ნარატივად. ეს არის სწორედ ის პროპაგანდა, რომელსაც ცდილობს... მე რამდენიმე დღის წინაც მოვუწოდე ქართულ პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანებს, რომ გაეკეთებინათ ეს შეფასებები. მეგობრებო, ვისაც აქვს გულწრფელი დამოკიდებულება ჩვენი ცივილიზაციური არჩევანის მიმართ, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები, მსგავსი განცხადებები არათუ უპასუხისმგებლობაა, არის უდიდესი მავნებლობა. ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნდობა არის უმაღლესი.

მინდა განვმარტო რატომ ვამბობდი ყოველთვის ცივილიზაციურ არჩევანს. შეიძლება დააკვირდით, მე არასდროს ვამბობდი რომ ეს პოლიტიკური არჩევანია საქართველოსი, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. რატომ არის ეს ცივილიზაციური არჩევანი, იცით? და არამხოლოდ პოლიტიკური? იმიტომ, რომ ჩვენი ევროპული არჩევანი ეფუძნება ჩვენს ისტორიულ ფასეულობებს - ნდობას ფასეულობების მიმართ, მათ შორის კანონის უზენაესობის მიმართ.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩემთვის, საქართველოს პოლიტიკურ ველზე ნებისმიერი ადამიანის განცხადება, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ ევროპული ინსტიტუტების, არის მავნებლობა ჩვენი ცივილიზებული არჩევანის მიმართ.

საქართველოს პრემიერმინისტრი მთავრობის სხდომის დაწყებამდე რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის განცხადებებს გამოეხმაურა. ნიკა გვარამიამ 1 აგვისტოს, რუსთაველის გამზირზე, გადაცემაში "სირცხვილია" ტელეკომპანიის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას "ისტორიული სირცხვილი" უწოდა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ არავითარი პატივისცემა არ აქვს არც ერთი მოსამართლის მიმართ, რომელიც იმყოფებოდა სტრასბურგის სასამართლოს იმ სექციაში, სადაც გადაწყვეტილება მიიღეს, მალტელი მოსამართლის გარდა. გვარამიას თქმით, "მათ საქართველოში დასავლეთის სახელით მოკლეს დასავლეთი". აქვე, რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ პატივისცემა აქვს ზოგადად სტრასბურგის სასამართლოს მიმართ და ამიტომ არის შოკირებული. ნიკა გვარამიამ ახსენა ხადარკოვსკიზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაც და თქვა, რომ "ეს რუსული გავლენის შედეგია ამ სასამართლოზე".

კომენტარები