ნიკა გვარამიას საქმე

"კითხვები სარეკლამო კონტრაქტებს შეეხებოდა" - გვარამიას დაკითხვა დასრულდა

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, დაკითხვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა. გვარამია ამბობს, რომ პროკურორებს მასთან კითხვები სარეკლამო კონტრაქტებთან დაკავშირებით ჰქონდათ. მისი შეფასებით, აბსურდულია პროკურატურა მედია ბიზნესის გარჩევას ეწეოდეს. 

"მთავარი კითხვები იმასთან დაკავშირებით იყო, თუ რატომ იდებოდა სარეკლამო კონტრაქტები ამა თუ იმ თანხაზე. ნუ, ეს ბიზნესის გარჩევაა. რატომ არის მედია ბიზნესი და მედია ბაზარი ასეთი? მე რა ვიცი, ასეთია. ასე დადგინდა ათეულობით წლების განმავლობაში და ასე დგინდება ბიუჯეტები და ეს არის ამ ბიზნესის სპეციფიკა და რა ვიცი ახლა, ამის გარჩევა რამდენად შეესაბამება საღ აზრს..."- უთხრა გვარამიამ მედიას დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ. 

მისი თქმით, ეს იგივეა, რომ მეღვინეებს ჰკითხოს პროკურატურამ, რატომ დგინდება ღვინოზე ფასი ასე და არა სხვაგვარად. 

"დამკვიდრებული სავაჭრო წესების განხილვა მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი წესით. სრული კატასტროფაა, წარმოუდგენელი ამბავია. დოკუმენტები არის კონტრაქტები და მიმდინარეობს ამ კონტრაქტების განხილვა,"- ამბობს გვარამია. 

ნიკა გვარამიას ასევე რუსთავი 2-ის ახალი დირექტორისა და ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას, განცხადებაზეც ჰკითხეს, რომლითაც მან პროკურატურას მიმართა. გვარამიას თქმით, სალიას ამ განცხადების შინაარსი ისაა, რომ ტელეკომპანიაში მას მძიმე ფინანსური მდგომარეობა დახვდა.  

"ქიბარ ხალვაშს რომ ჰკითხოს, ქიბარ ხალვაშის დროს როგორი მდგომარეობა იყო ტელევიზიაში, არ უნდა? და მე რომ მკითხოს რა დამხვდა რუსთავი 2-ზე მომჩივანი ნიჟარაძის ქმრისგან, არ უნდა? ჩვენს დროს დაგროვილი ვალები აბსოლუტურად რესტრუქტურიზებადია და გასტუმრებადი. ამას სჭირდება ჩასხმა. ჩვენ წელს დაგეგმილი გვქონდა ჩასხმა, მაგრამ რუსთავი 2-ის დამფუძნებლების რუსთავი 2 არ არის და, შესაბამისად, ისინი არ ჩაასხამენ ამ ფულს. პირიქით, ისინი მოითხოვენ იმას, რაც აქამდე აქვთ ჩასხმული უსაფუძვლო გამდიდრების მუხლით უკან. ამიტომ, მობრძანდეს ქიბარ ხალვაში. მისი ყადაღით დანგრეულ კომპანიას მიხედოს, ჩაასხას ფული, გაისტუმროს ვალები და გაისტუმროს ხელფასები. ასე ხდება საქართველოში. არცერთი ტელეკომპანია ამ ქვეყანაში, გარდა რუსთავი 2-ის 3-წლიანი ეპიზოდისა ჩემი დირექტორობის დროს, საკუთარი შემოსავლებით არ არსებობს,"- ამბობს გვარამია. 

ნიკა გვარამიას დაკითხვა საქალაქო სასამართლოში 1 აგვისტოს 11 საათზე დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. დაკითხვაზე შესვლამდე მან მედიასთან თქვა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და, შესაბამისად, დაკითხვა მისთვის პრობლემა არ არის. 

საქმე ეხება რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სარჩელს. ის ნიკა გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით უჩივის.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

კომენტარები