აშშ-ჩინეთი

ტრამპი: 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ იმპორტს 10%-იან ტარიფს დავუწესებთ

დონალდ ტრამპი / სი ძინპინი

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა 1 აგვისტოს თავის Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ 1-ლი სექტემბრიდან დარჩენილ 300 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინურ იმპორტზე 10%-იან ტარიფს დაუწესებდა. ტრამპი სამ მიზეზს ასახელებს:

"ჩვენი წარმომადგენლები ახლახან დაბრუნდნენ ჩინეთიდან, სადაც მომავალ სავაჭრო შეთანხმებაზე კონსტრუქციული საუბარი ჰქონდათ. 3 თვის წინ ჩვენ გვეგონა, რომ ჩინეთთან შეთანხმებას მივაღწიეთ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩინეთმა ხელმოწერამდე ხელახალი მოლაპარაკება გადაწყვიტა. ახლახან ჩინეთი აშშ-ისგან დიდი რაოდენობის აგრარული პროდუქტის შეძენას დათანხმდა, თუმცა ეს არ გააკეთა. ამას გარდა, ჩემმა მეგობარმა პრეზიდენტმა სიმ თქვა, რომ აშშ-ისთვის ფენტანილის მიყიდვას შეწყვეტდა - არც ეს მოხდა და ბევრი ამერიკელი კვლავ იღუპება!"

ტრამპმა აღნიშნა, რომ ახალი ტარიფი არ შეეხება უკვე ტარიფდადებულ 250 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციას - "მოლაპარაკებების დროს, რომელსაც აშშ 1-ლ სექტემბერს დაიწყებს, ჩინეთიდან ჩვენ ქვეყანაში მომავალ 300 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციას მცირე რაოდენობის 10%-იან ტარიფს დავუწესებთ. ეს არ მოიცავს იმ 250 მილიარდ აშშ დოლარს, რასაც უკვე 25%-იანი ტარიფი დავადეთ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთთან ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებაზე ჩვენ პოზიტიურ დიალოგს გავაგრძელებთ და ვგრძნობ, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის მომავალი ძალიან ნათელი იქნება!"

10 მაისს აშშ-მა ჩინეთს 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფები გაუორმაგა. ტარიფები 10%-დან 25%-მდე გაიზარდა სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის თევზზე, ხელჩანთებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და სხვა. ჩინეთი აშშ-ის დაწესებული ტარიფების საპასუხოდ 60 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 1 ივნისიდან ტარიფები გაზარდა.ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ აშშ-მა ჩინეთი უსამართლო ვაჭრობაში დაადანაშაულა და მხოლოდ გასულ წელს ჩინურ პროდუქციას 250 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფები დაუწესა. აშშ ჩინეთს ინტელექტუალური საკუთრების მოპარავაშიც ადანაშაულებს და მოითხოვს შეცვალონ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ადგილობრივ კომპანიებს უსამართლოდ ანიჭებს უპირატესობას სუბსიდიების სახით.

ჩინეთმა ამას ამერიკულ პროდუქციაზე 110 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფების შემოღებით უპასუხა.

კომენტარები