კომპანია

რუსთავი 2-ის კონტრაქტორი კომპანიის "ინტერმედიას" ხელმძღვანელი გვიან ღამემდე იკითხებოდა

რუსთავი 2

კომპანია „ინტერმედიას“ ხელმძღვანელი გუშინ პროკურატურაში გვიან ღამემდე იკითხებოდა. "ინტერმედია" ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანიაა. ზურაბ იაშვილის თქმით, გამომძიებლების კითხვები, ძირითადად "ინტერმედიას" საქმიანობას და "რუსთავი2" - თან კავშირებს ეხებოდა.

საქმე ეხება "რუსთავი 2-ის საქმეზე საწყებულ გამოძიებას. გუშინ პროკურატურამ გავრცელა ინფორმაცია, რომ "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერმედია“ და „ინტერმედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. "

როგორც ზურაბ იაშვილის ადვოკატმა ბექა ბასიალაიამ ტაბულასთან საუბრისას თქვა, საგამოძიებო მოქმედებების ძალიან სწრაფ რეჟიმში წარმართვა აჩენს სერიოზულ კითხვის ნიშნებს გამოძიების მოტივაციასთან დაკავშირებით.

"ზურაბ იაშვილმა ყველა კითხვაზე გასცა დამაჯერებელი, ამომწურავი და მკაფიო პასუხები. კითხვები შეეხებოდა "ინტერმედიას" ფინანსურ საქმიანობას და კონტრაქტებს, რომელიც რუსთავი 2-დან სარეკლამო დროის ყიდვასა და შემდგომ რეალიზაციასთან არის დაკავშირებული. ეს საკითხები ღია და გამჭვირვალეა და ხარჯები დეკლარირებულია.

გამოძიების მიერ მისი დაბარება, ინტერმედიაში შესვლა და დოკუმენტაციის ამოღება ერთ დღეში, საგამოძიებო მოქმდებების და დაკითხვების მყისიერად ჩატარება აჩენს სერიოზულ კითხვის ნიშნებს გამოძიების მოტივაციასთან დაკავშირებით," - უთხრა ბასიალაიამ ტაბულას.

ამავე საქმეზე დღეს 11:00 საათზე საქართველოს საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით, მოსამართლის თანდასწრებით, დაიკითხება რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

საქმე ეხება რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სარჩელს. ის ნიკა გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით უჩივის.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

კომენტარები