დავით კეზერაშვილი

დავით კეზერაშვილი ახალ ტელევიზიას აფუძნებს

AFP.com

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ტელევიზიას აფუძნებს. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.

კეზერაშვილი აღნიშნავს, რომ ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავია და სატელევიზიო პლატფორმა გვერდში დაუდგება არა რომელიმე პარტიას, არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას.

"მიმაჩნია რომ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლას მუდმივი აქტიურობა სჭირდება და ქართველი ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავია. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად დავაფუძნო ახალი სატელევიზიო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დაცვას. პლატფორმა, რომელიც გვერდში დაუდგება არა რომელიმე პარტიას, არა რომელიმე ინტერესის ჯგუფს, არა რომელიმე ელიტურ ერთობას - არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფლების და პროგრესის ხმას ჩვენ ქვეყანაში", - წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

ამასთან, დავით კეზერაშვილი აღნიშნავს, რომ ახალი სატელევიზიო პლატფორმა დაიცავს თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის უმაღლეს სტანდარტებს. 

"უკიდურესად დიდ საფრთხედ მიმაჩნია მმართველი გუნდის ხელში ძირითადი მედიარესურსების სრული კონცენტრაცია, რა რეალობასაც შევეჯახეთ ახლა და რაც გვაბრუნებს იმ მანკიერ წრეზე, რომელზეც ათწლეულებია ვტრიალებთ, თუმცა წესით, უკვე გაცნობიერებული უნდა გვქონდეს წარსულის შეცდომები", - აღნიშნავს ის.

კეზარაშვილის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები "ჩვენს მეგობრებთან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში", რათა შეიქმნას სოლიდური შემადგენლობის სამეთვალყურეო საბჭო და ამით, ტელეარხის სარედაქციო დამოუკიდებლობას იმთავითვე მყარი გარანტიები ჰქონდეს.

როდის გავა ეთერში ახალი არხი, უცნობია. თავდაცვის ყოფილი მინისტრს იმედი აქვს, რომ ეს მალე მოხდება.

"იმედი მაქვს, რომ მალე დაკომპლექტდება საზოგადოებისათვის ნაცნობი და მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტებისა და აგრეთვე ახალი სახეებისგან შემდგარი ძლიერი გუნდი და ტელევიზია უმოკლეს ვადაში მზად იქნება ეთერში გასასვლელად", - აღნიშნავს კეზერაშვილი.

გარდა ამისა, ის საუბრობს საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის გადაწყვეტილების მიზეზებზეც. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ახალგაზრდების აქტიურობამ ქვეყანაში ახალი პოზიტური მუხტი გააჩინა.

"უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ ახლებურად დამანახა და მიბიძგა მიმეღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩემი ჩართულობის შესახებ.

ახალგაზრდების აქტიურობამ ახალი პოზიტური მუხტი გააჩინა ქვეყანაში. ჩვენ თვალწინ იბადება სამოქალაქო საზოგადოება - გამოჩნდა თაობა რომელსაც სურს აქტიური როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. გაჩნდა იმედი, რომ საქართველოს გზა დასავლეთისკენ არა მხოლოდ რამდენიმე პარტიის და პოლიტიკური ჯგუფის, არამედ მთლიანად საზოგადოების და ახალი თაობის დაცვის ქვეშაა", - წერს დავით კეზერაშვილი ფეისბუქზე.

დავით კეზერაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მაღალჩინოსანი იყო. იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტსაც. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე აღიძრა, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცდა და ის გაამართლა საფრანგეთის სასამართლომაც. ამ დროისთვის კეზერაშვილი საქართველოში არ ცხოვრობს, გამოძიება მის ექსტრადირებას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ.

კომენტარები