რუსთავი 2-ის საქმე

ოქრუაშვილი: რ2 ისედაც იყიდებოდა, მივუსწარით და შევთავაზეთ კარგი პირობები

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი შაბათის კურიერთან საუბარში აცხადებს, რომ 2004 წელს, სამაუწყებლო კომპანიის შეძენის მიზნით, მოლაპარაკებები ქიბარ ხალვაშს არ უწარმოებია და ამ პროცესში ის თავად იყო ჩართული.

„ის რუსთავი 2-ს ვერცერთ შემთხვევაში და ვერასდროს შეიძენდა, რომ არ ყოფილიყო მის უკან გარკვეული სახის ზურგი, ეს ზურგი ვიყავი მე ეს ზურგი იყო ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც მე წარმოვადგენდი. "რუსთავი 2"-ის ყველა მოლაპარაკება იყო ნაწარმოები ჩემს მიერ ეროსი კიწმარიშვილთან იმის გამო, რომ მასთან მაკავშირებდა საკმაოდ ახლო და საქმიანი ურთიერთობა და ასევე მის პარტნიორებთან, დვალთან და აქიმიძესთან და დეტალებზეც შემიძლია ვისაუბრო" - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, ის შეხვდა ასევე, დვალს და აქიმიძეს, მათ შორის,  ჯემალ ინაიშვილის თანდასწრებითაც, რომელიც ოქრუაშვილის თქმით, მათთან მოლაპარაკებებში ეხმარებოდა.

"დვალს და აქიმიძეს შევხვდი არაერთხელ, ერთხელ შევხვდი რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით, ერთხელ შევხვდი ჯემალ ინაიშვილის თანდასწრებით, რომელიც იყო მათი ნდობით აღჭურვილი პირი და მე გამოვიყენე ეს პიროვნება მომლაპარაკებლად მათთან მიმართებით, ახლოს იყო მათთან და მე გამოვიყენე ჯემალ ინაიშვილი მათთან მომლაპარაკებლად, გარკვეული სახის ნდობა რადგან გააჩნდა და მისი ხელით გადავეცი ფული“ - ამბობს ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილი ამბობს, რომ დვალთან და აქიმიძესთან რთული აღმოჩნდა მოლაპარაკება. მისივე თქმით, დღეს აქიმიძე-დვალის საუბარი, რომ მათ წილები წაართვეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

"არცერთ დროს, არცერთ მოლაპარაკებაში, ისევე, როგორც შემდგომ კომპანიის მართვაში, თუ არ ჩავთვლით ერთი-ორ გამონათებას... მას არ გადაუხდია არცერთი თეთრი საკუთარი ფული და მას არ უწარმოებია მოლაპარაკება არავისთან. დვალთან და აქიმიძესთან მოლაპარაკების მთელი ინტრიგა მდგომარეობდა ერთ რამეში, ეროსი კიწმარიშვილს სურდა, რომ ჯერ მათთან მოგველაპარაკა, ის თანახმა იყო თავის წილის გაყიდვაზე, 30 პროცენტს ფლობდა და თუ დვალი და აქიმიძე დათანხმდებოდნენ და ჩვენ დავითანხმებდით, შემდეგ ისიც დათანხმდებოდა. დვალთან და აქიმიძესთან საკმაოდ რთული აღმოჩნდა მოლაპარაკება, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათ მიიღეს, 2 მილიონ დოლარამდე ამ ყველაფერში, 60-პროცენტიან წილში. ასე, რომ დღეს მათი მხრიდან, გარკვეული სახის წუწუნი, კაპრიზი თუ რა დავარქვა, რომ თითქოს, მათ წილები წაართვეს, ეს არის ზღაპარი,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილის თქმით, „რუსთავი 2“-ის წილების მისაღებად მან ანგარიშსწორება ნაღდი ფულით გააკეთა. მისივე თქმით, „რუსთავი 2“, რომ აქიმიძე-დვალსა და კიწმარიშვილს  ბადრი პატარკაციშვილისთვის არ მიეყიდათ, „ბეს“ სახით ერთ-ერთ მის კუთვნილ კომპანიაში არსებული წილები დათმო.

"ეს ფული იყო ნაღდი ფული - მილიონ 200 ათასი დოლარი, ჩემი ხელით იქნა გაგზავნილი ჯემალ ინაიშვილის მეშვეობით მათთან და ჯემალ ინაიშვილი ამას ადასტურებს პროკურატურაში გამოკითხვის ჩვენებაში და მეორე, ეროსი კიწმარიშვილთან, დვალთან და აქიმიძესთან გაცილებით ადრე მაკავშირებდა მე საქმიანი ურთიერთობა, დაახლოებით, 2000 თუ 2001 წლიდან, როდესაც მათ დაარსეს კომპანია "ჯორჯია ონლაინი" 2000 თუ 2001 წელს, ეროსი კიწმარიშვილი მოდის ჩემთან და მეუბნება, რომ ამ ახალი კომპანიისთვის მათ სჭირდებათ ფული და თანახმა ვარ თუ არა მე, შევიძინო ამ კომპანიის 10 პროცენტი. ვყიდულობ ამ კომპანიის 10 პროცენტს, ვაფორმებ საკუთარ მამიდაშვილზე, ბესიკ კასრაძეზე, საჯაროა ეს ინფორმაცია, არსად დამალული არ არის და ვუხდი ამაში არცთუ ისე ნაკლებ თანხას, შემდეგ ეს კომპანია დიდდება, იზრდება და ა.შ. და ბუნებრივია, გარკვეული სახის ურთიერთობა ამ კომპანიის წილის მფლობელობიდან გამომდინარე, მე მათთან მაკავშირებდა, მაგრამ 2004 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე თვეებისთანავე, ეროსი კიწმარიშვილს, როდესაც გაუჩნდა ფინანსური პრობლემები და გარკვეული სახის მოტივაცია, რომ კომპანია „რუსთავი 2“ გაეყიდა, სულზე მივუსწარი მე მას, როდესაც "ნიუს კორპისგან", რომლის უკანაც ბადრი პატარკაციშვილი იდგა, აღებული ჰქონდა ბეს სახით 800 ათასი დოლარი და უკვე შეთანხმებული იყო მათთან კომპანიის გაყიდვაზე, ისე, რომ დვალიც და აქიმიძეც ამ მოლაპარაკების მონაწილეები იყვნენ და მისთვის დასტური მიცემული ჰქონდათ. ამ დროს მივდივარ მე მათთან და ვეუბნები, დააბრუნეთ ეგ ფული უკან, მე მოგცემთ ჩემს 10 პროცენტს უსასყიდლოდ, რომელიც „ჯორჯია ონლაინში“ გამაჩნია და მაშინ კომპანიის კაპიტალიზაცია, დაახლოებით, 8 მილიონ დოლარს წარმოადგენდა და შესაბამისად, ჩემი წილი, 10 პროცენტი, რაც არის, გასაგებია, ამას გიტოვებთ მე თქვენ „ბედ“ და დანარჩენ თანხას გადაგიხდით გარკვეული დროის შემდეგ. ამის შემდეგ, გარკვეული თვეების განმავლობაში, ჩვენ მათთან გარიგება დავასრულეთ, ფული გადავუხადეთ და ამით ყველაფერი დამთავრდა. იყო გარკვეული სახის პრეტენზიები  სულ, რომ იქნებ ეს ბიზნესი დაგვითმოთ, იქნებ ის ბიზნესი მოგვცეთ და ისეთი სახის მოთხოვნები ჰქონდათ, შეიძლება ჭკუიდან გადასულიყავი ადამიანი. ითხოვდნენ ჯოხთაბერიძის "მაგთიკომს," ითხოვდნენ რკინიგზას, დვალიც, აქიმიძეც და ყველა სხვა დანარჩენი,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილისთვის გაუგებარია დვალისა და აქიმიძის ბრალდებები, რომ თითქოს მათ „რუსთავი 2“ ზეწოლითა და ტერორით დაათმობინეს. მისი თქმით, მოლაპარაკების სახით შეძლო მათგან სამაუწყებლო კომპანიის ყიდვა.

"რაში გამოიხატება, შევავიწროვეთ, შევაწუხეთ, ვინმე დავიჭირეთ თუ რა გავაკეთეთ. "რუსთავი 2" ფინანსურად იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რომ არა კიწმარიშვილის გადაწყვეტილება, გაეყიდა „რუსთავი 2“ „ნიუს კორპზე“, კიდევ შეიძლებოდა ვიღაც ძალიან ჩამძიებელ ადამიანს ეფიქრა, რომ ეს შეიძლება ასე იყოს, მაგრამ ისინი ჩვენამდე ყიდიდნენ კომპანიას, შესაბამისად, ჩვენ როგორც მყიდველებმა მივუსწარით და შევთავაზეთ კარგი პირობები", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

კომენტარები