ანტისაოკუპაციო აქციების "სირცხვილია" საორგანიზაციო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამართლის და მართლმსაჯულების შერჩევითად, რეპრესიულ ინსტრუმენტად გამოყენება. აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ თუ ამ ქვეყანაში რამე საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წესრიგს, ეს სწორედ ხელისუფლების მიერ საკუთარ მოქალაქეებზე გამოცხადებული ნადირობის სეზონია. აქტივისტების თქმით, ადამიანთა დაკავება და დაპატიმრება უნდა იყოს ხელისუფლების არა თვითმიზანი, არამედ უკიდურესი აუცილებლობა. მათი შეფასებით, ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სამართლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს და გიორგი გახარიას გადაყენებით, შეეცადოს, ნაწილობრივ მაინც ჩამოირეცხოს ის ლაქა, რომელიც "გავრილოვის ღამის" სახელით დარჩება საქართველოს ისტორიაში.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"იგი კანონი კანონი არ არის, თუ მის წინაშე დიდპატარაობას, მაღალ-მდაბლობას ადგილი და სავალი ექმნება კაცთა მოქალაქურ ცხოვრების გზაზედ. რაკი ერთისათვის ერთი კანონია და მეორესათვის მეორე, კანონი ჰკარგავს თვის უდიდეს მნიშვნელობას საყოველთაო მფარველობისას და შემწეობისას, რადგანაც თვის მადლს და თვის მსჯავრს ერთნაირად ვერ მოჰფენს ყველასა, ვინც კი მისკენ მიიმართება გაჭირების დროს" - ი. ჭავჭავაძე
და რადგან სამართალი ყველასთვის ერთი უნდა იყოს:
❌ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამართლის და მართლმსაჯულების მის კრიტიკოსთა წინააღმდეგ შერჩევითად, რეპრესიულ ინსტრუმენტად გამოყენება და შეეგუოს, რომ განსხვავებული აზრი, კრიტიკა, თუნდაც მწვავე, ხშირად მისთვის აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელიც კი, დემოკრატიული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია; მაშინ როდესაც მომხდარზე პოლიტიკურად პასუხისმგებელ პირს, შინაგან საქმეთა მინისტრს თანამდებობა არ დაუტოვებია, ხელისუფლებას მორალური უფლება არ აქვს სხვების პასუხისმგებლობაზე ისაუბროს.
❗ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში კონსტიტუციები არა მინისტრების და შენობების, არამედ ადამიანების დასაცავადაა შექმნილი. ამიტომ, თუ ამ ქვეყანაში რამე საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წესრიგს, ეს სწორედ ხელისუფლების მიერ საკუთარ მოქალაქეებზე გამოცხადებული ნადირობის სეზონია.
კონსტიტუციაში ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის შესახებ ქართველი ხალხის მიერ საჯაროდ გაცხადებული ნება უბრალო და უმოქმედო ტექსტად რჩება, როცა ხელისუფლება ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. გავრილოვი სიმბოლოდ იქცა იმ შეფუთული პრორუსული პოლიტიკის, რომელმაც ჩვენი ღირსეული, თავისუფლების მოყვარე მოქალაქეები ქუჩაში გამოიყვანა.
❗სახელმწიფომ პასუხისგებაში მიეცმული ყველა პირის მიმართ გარანტირებულად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება და სასამართლოები არ უნდა მოქმედებდნენ კონვეიერულად, საბჭოთა სასამართლოს ტრადიციათა დაცვითა და პატივისცემით, როგორც ეს ხდებოდა 21 ივნისს, დაკავებულთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმების განხილვისას;
❗სახელმწიფომ ყველა პირის მიმართ უნდა იმოქმედოს თავისუფლების პრეზუმფციის დაცვითა და პატივისცემით. ადამიანთა დაკავება და დაპატიმრება უნდა იყოს ხელისუფლების არა თვითმიზანი, რაც სადამსჯელო ელემენტებს მოიცავს, არამედ უკიდურესი აუცილებლობა, რომლის გარეშეც შეუძლებლად იქნება მიჩნეული მართლმსაჯულების განხორციელება;
❗ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სამართლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს, 38 დაზიანებულ ჟურნალისტს, ასობით დაშავებულ მოქალაქეს, რომელთა ნაწილს მთელი ცხოვრება დაღად დარჩებათ ქართული პოლიციის იარაღებიდან ნასროლი ტყვიების კვალი და გიორგი გახარიას გადაყენებით შეეცადოს ნაწილობრივ მაინც ჩამოირეცხოს ის ლაქა, რომელიც "გავრილოვის ღამის" სახელით დარჩება საქართველოს ისტორიაში" - აცხადებენ ორგანიზატორები.
20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი. ორ კვირაზე მეტია, პარლამენტთან აქციები იმართება, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, მიტინგის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".
20 ივნისის აქციის საქმეზე ორი გამოძიებაა დაწყებული. ერთი "ცალკეულ პირებს" ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხებას და პარლამენტის შტურმს ედავება, ხოლო მეორე - აქციის მონაწილეების მიმართ "ცალკეული სამართალდამცველების მხრიდან" ძალის გადამეტების ფაქტებს სწავლობს.
პირველ საქმეზე ბრალი წარუდგინეს ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას და დააანონსეს, რომ "უახლოეს პერიოდში ბრალდებულთა წრე გაიზრდება". ასევე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს აქციის 4 მონაწილე. შსს-ს განცხადებით, "დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და შესაბამისი მტკიცებულებებისა და სასამართლო განჩინების მოპოვებისთანავე, ეტაპობრივად გაგრძელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება".
მეორე საქმეზე კი - სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა. პროკურატურის ცნობით, "საქმეზე ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში გახდეს შესაძლებელი შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება".
თავად გიორგი გახარიას თქმით, დაელოდება გამოძიების დასრულებას და თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ 20-21 ივნისის აქციის დაშლის პროცესში "დიდი ოდენობით სისტემური გადაცდომა" დადგინდება. გახარია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც აიღებს.





