რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დიდი ოცეულის სამიტამდე მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ლიბერალიზმი მოძველდა, საკუთარი ფუნქცია ამოწურა და კონფლიქტშია მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებთან:
"ლიბერალები ვერავის ვეღარაფერს უკარნახებენ, როგორც ამას ბოლო ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ. ლიბერალური იდეა მოძველდა. ის კონფლიქტშია მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებთან. ლიბერალური იდეა უშვებს, რომ არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. მიგრანტებს შეუძლიათ მოკლან, გააუპატიურონ და ეს ყველაფერი დაუსჯელად იმიტომ, რომ მიგრანტების უფლებები დაცული უნდა იყოს." თქვა მან.
მან ასევე მხარი დაუჭირა ევროპასა და ამერიკაში პოპულიზმის აღზევებას და თქვა რომ იდეები, როგორიცაა მულტიკულტურალიზმი მტკიცე აღარაა.
პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთს ლგბტ ადამიანებთან პრობლემა არ აქვს, მაგრამ ზოგიერთი რამ გადაჭარბებულად მიაჩნიათ:
"მე არ მსურს შეურაცხყოფა მივაყენო ვინმეს, რადგან ხშირად გვაკრიტიკებენ ჩვენი ვითომ ჰომოფობიის გამო. ჩვენ ლგბტ ადამიანებთან პრობლემა არ გვაქვს. ღმერთმა დაგვიფაროს, იცხოვრონ, როგორც სურთ, მაგრამ ზოგი რამ გადაჭარბებული გვეჩვენება. ისინი ახლა ამტკიცებენ, რომ ბავშვებს შეუძლიათ ითამაშონ ხუთი ან ექვსი გენდერული როლი. დაე ყველა იყოს ბედნიერი, ჩვენ ამასთან პრობლემა არ გვაქვს. მაგრამ ამან არ უნდა დაჩრდილოს კულტურა, ტრადიციები და ოჯახური ფასეულობები, რაც მილიონობით ადამიანს აქვს, რომლებიც მოსახლეობის ბირთვს შეადგენენ."
პუტინის კომენტარს გამოეხმაურა ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი:
"ვინც ამტკიცებს, რომ ლიბერალური დემოკრატია მოძველდა ასევე ამბობს, რომ თავისუფლება მოძველდა, კანონის უზენაესობა მოძველდა, ადამიანის უფლებები მოძველდა. რაც ნამდვილად მოძველდა არის ავტორიტარიზმი, პიროვნების კულტი, ოლიგარქების მმართველობა, მაშინაც კი, როცა ისინი ეფექტური გვეჩვენება." თქვა მან.
დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში პუტინი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერეზა მეის შეხვდება. მან თქვა, რომ იმედოვნებს, რომ ამ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენისაკენ ნაბიჯი გადაიდგმება:
"ვფიქრობ რუსეთი და ბრიტანეთი დაინტერესებული არიან ურთიერთობების აღდგენით - იმედი მაქვს, რომ პირველი ნაბიჯები გადაიდგმება ამისაკენ." თქვა მან.
რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი რუსული ქიმიური იარაღით მოწამლეს.
"საშუალო მოქალაქე უსმენს და ფიქრობს ვინაა სკრიპალი. სამშობლოს ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია და მოღალატე უნდა დაისაჯოს. არ ვამბობ, რომ სოლსბერის ინციდენტი არის ის გზა, როგორც ეს უნდა მოხდეს, მაგრამ მოღალატე უნდა დაისაჯოს." თქვა პუტინმა.