ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

უკრაინელი დეპუტატის ემოციური სიტყვა ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმის უფლების დაბრუნებაზე

ალექსეი გონჩარენკო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციის წევრმა, ალექსეი გონჩარენკომ, რუსეთისთვის ხმის უფლების დაბრუნება ემოციური სიტყვით გააპროტესტა. 

გონჩარენკომ თქვა, რომ ევროსაბჭოს ღირებულებები €77 000 000-დ გაიყიდა - ეს სწორედ ის თანხაა, რომელსაც რუსეთი ევროსაბჭოში საწევროს სახით იხდიდა და რომლის გადახდაც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ყირიმის ანექსიის შემდეგ მას საერთაშორისო ორგანიზაციამ ხმის მიცემის უფლება შეუწყვიტა.

"ჩემო ძვირფასო კოლეგებო, დღეს სავაჭრო დღეა! გრანდიოზული ფასდაკლებაა. ყველა ჩვენი ღირებულება მხოლოდ და მხოლოდ €77 000 000-დ. დემოკრატია 25 მილიონ ევროდ, ადამიანის უფლებებიც 25 მილიონ ევროდ და კანონის უზენაესობაც 25 მილიონ ევროდ. კარგი ფასია. ჩვენ სხვანაირადაც შეგვიძლია დათვლა. ამ კვირაში ევროსაბჭომ მილიონობით ადამიანის გული დაკარგა. უკრაინელების, ესტონელების, ქართველების, ლატვიელების, პოლონელების, ლიტველებისა და ბრიტანელების გულები. დაახლოებით, 50 ცენტად თითო გული. კარგი ფასია,"- თქვა გონჩარენკომ. 

უკრაინის რადის დეპუტატის თქმით, თუკი ევროსაბჭო ამას რუსი ხალხისთვის აკეთებს, მაშინ ამავე ლოგიკით ორგანიზაციის წევრი სირიაც უნდა გახდეს. 

"მე მოვისმინე, რომ ამას რუსი ხალხისთვის ვაკეთებთ, რათა ისინი დავიცვათ. ამიტომაც, წინადადება მაქვთ თქვენთან: მოდი, სირია მოვიწვიოთ ჩვენს ორგანიზაციაში. იმიტომ, რომ თქვენი ლოგიკის მიხედვით, სჯობს ბაშარ ალ-ასადი მოვიწვიოთ აქ, ამ ორგანიზაციაში. მე მთელი ცხოვრება მიმაჩნდა, რომ თუ ტირანიის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის კარგის გაკეთება გვინდა, ტირანებს უნდა ვებრძოლოთ და არა მათთან ერთად ვისხდეთ მაგიდასთან,"- თქვა დეპუტატმა. 

ალექსეი გონჩარენკომ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელს პიოტრ ტოლსტოისაც მიმართა, რომელმაც ევრსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთი გაშლილი ხელებითაა. 

"ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თქვენს გაშლილ ხელებში "ნოვიჩოკია", რომლითაც ხალხს წამლავთ, ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Бук-ი, რომლითაც თვითმფრინავებს აგდებთ და Град-ია, რომელსაც განადგურებისთვის იყენებთ. და როდესაც შემდეგ ჯერზე პუტინი ვინმეს მოკლავს, სისხლი თქვენს ხელებზეც იქნება. და თქვენ ეს უნდა გახსოვდეთ,"- თქვა რადის დეპუტატმა. 

გონჩარენკომ ასევე რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სინცოვიც დააციტირა, რომელმაც თქვა, რომ თუკი მისი ბედია ტირანიის კუბოსთვის ლურსმანი იყოს, იმ ამ ბედისთვის მზად არის.

"თუკი უკრაინის ბედია, რომ იყოს ერთადერთი ტირანიასთან, ამ ბოროტებასთან ბრძოლაში, რომელიც უბრალოდ დაგვატყდა თავს - კარგი, იყოს ასე. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენ არასდროს დავნებდებით. და ჩვენ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ. და ზუსტად ვიცი, რომ ეს ასეც იქნება,"- თქვა გონჩარენკომ. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენას 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. თავი შეიკავა ათმა დელეგატმა. ქართული დელეგაციის წევრებმა, ევროპული საქართველოს დეპუტატებმა, დავით ბაქრაძემ და გიორგი კანდელაკმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

მიმდინარე წლის მაისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ჯგუფის წევრი 47 ქვეყნის მინისტრებმა დაამტკიცეს შეთანხმება, რომელიც რუსეთს ჯგუფის წევრობას და ხმის მიცემის უფლებას აღუდგენს. შედეგად, რუსეთი შეძლებს ივნისში მონაწილეობა მიიღოს ახალი კანდიდატების დანიშვნის პროცესში.

ხმის მიცემის უფლება რუსეთს 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო ჩამოერთვა. მას შემდეგ რუსეთმა საწევრო გადასახადის გადახდა შეწყვიტა, თუმცა ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ გადახდას განაახლებენ.

გადაწყვეტილების ინიციატორი გერმანია და საფრანგეთი იყვნენ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თუ რუსეთი საბჭოს დატოვებს, უფრო რთული იქნება ადამიანის უფლებათა სასამართლომ მას დარღვევებზე მიუთითოს.

გადაწყვეტილების დაბლოკვა სცადა შვიდმა ქვეყანამ, მათ შორის უკრაინამ, საქართველომ, პოლონეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიტვამ.

კომენტარები