აქცია პარლამენტთან

კვირიკაშვილი: ივანიშვილს ვურჩევ, დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები პროპორციული სისტემით

სიტუაციის ჩიხიდან გამოსაყვანად და საზოგადოების დასამშვიდებლად, ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია მოსახლეობაში ლეგიტიმაციის აღქმის გაჩენა და გაძლიერება, რის მისაღწევადაც ბიძინა ივანიშვილს ვურჩევ: დაუყოვნებლივ გამოაცხადოს პოლიტიკური რეფორმა, რომელიც მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:

1. საკონსტიტუციო ცვლილება შემდეგი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე (ბოლო ცვლილებების გატარებისას პოლიტიკური კონტექსტი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დღევანდელისგან, თუმცა ალბათ სჯობდა მაშინვე განგვეხორციელებინა ეს ცვლილება თუნდაც ოპოზიციური ხმების გამოყენებით - და აქ საკუთარ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, როგორც ქართული ოცნების მაშინდელი თავმჯდომარე);

2. საკანონმდებლო (ან საკონსტიტუციო) ცვლილება, რომელიც სხვა დანარჩენ ვალდებულებებთან ერთად, როგორიცაა გადასახადების გადახდა და ა.შ., სავალდებულოს გახდის საქართველოს მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობას (ადამიანის უფლებების ზოგიერთი დამცველი, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ამ იდეას, თუმცა ეს კონცეფცია მუშაობს არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, და არ შეიძლება, 3.7 მილიონი მოსახლეობის ნახევარი ან უფრო ნაკლები ირჩევდეს ხელისუფლებას და განსაზღვრავდეს ქვეყნის მომავალს). ეს ცვლილება ასევე დაასრულებს გაუთავებელ საუბარს მმართველი ძალის პარტიული კოორდინატორების არაპროპორციულ გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და შედეგად პოლიტიკურ სპექტრს გაამრავალფეროვნებს.

3. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადება ახალი პრინციპების გათვალისწინებით.

4. შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა ასევე აიღოს პასუხისმგებლობა გუშინ დაზიანებული ჩვენი შვილების და საზოგადოების წინაშე და დატოვოს თანამდებობა. ყოველივე ზემოთქმულის შედეგად, ქართული ოცნება შეძლებს, შეინარჩუნოს მოსახლეობის ნდობა არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესებისადმი, არამედ დაიტოვოს შანსი, იყოს პროცესის წარმმართველი, დაბოლოს, რაც უმთავრესია, ქვეყანას შეუნარჩუნოს შესაძლებლობა, დარჩეს დასავლურ ორბიტაზე რეგიონის ლიდერად

ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 20 ივნისის აქციის დარბევით ხელისუფლებამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა.

კომენტარები