დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლას საჯიდ ჯავიდი გამოეთიშა

საჯიდ ჯავიდი
PA Images

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიაში ლიდერის პოსტზე ტერეზა მეის შემცვლელის შესარჩევად კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართა. შედეგების მიხედვით ბრძოლას შინაგან საქმეთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი გამოეთიშა. მან 34 ხმა მიიღო.

59 ხმა მიიღო მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა, ხოლო გარემოს დაცვის მინისტრმა მაიკლ გოუვიმ 61. ლონდონის ყოფილი მერი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი კვლავ ლიდერობს. მან 157 ხმა მიიღო.

დღეს ბრძოლას კიდევ ერთი კანდიდატი გამოეთიშება. დარჩენილ ორს შორის კი მეის შემცვლელი საბოლოოდ 22 ივლისს გაირკვევა.

ჯონსონის დაპირებაა, რომ ბრიტანეთის ევროკავშირს 31 ოქტომბერს აუცილებლად დატოვებს. მისივე თქმით ამისათვის ერთადერთი გზა შეთანხმების გარეშე გასვლისათვის მომზადებაა.

"ჩვენ უნდა გავიდეთ 31 ოქტომბერს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ პოლიტიკისადმი ნდობა კატასტროფულად დაეცემა. თუ ჩვენ ახლა ვიტყვით, რომ გვაქვს საბოლოო ვადა, რომელიც საბოლოო ვადა არ აღმოჩნდება და 31 ოქტომბერი ისე ჩაივლის, როგორც მარტმა და აპრილმა ჩაიარა, მოსახლეობა მეტი უნდობლობით შემოგვხედავს." თქვა მან.

პირველი კენჭისყრის შედეგად პოსტისათვის ბრძოლას გამოეთიშნენ ანდრეა ლიდსომი და ესტერ მაკვეი, ისევე როგორც მარკ ჰარპერი, გუშინ კი ბრექსითის ყოფილი მინისტრი დომინიკ რაბი, ჯანდაცვის მინისტრი მეტ ჰენკოკი და საერთაშორისო განვითარების მინისტრი რორი სტიუარტი.

დომინიკ რაბმა მხარდაჭერა ბორის ჯონსონს გამოუცხადა. მისი თქმით ჯონსონი ერთადერთი კანდიდატია, ვისაც 31 ოქტომბერს ბრექსითის პროცესის დასრულება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ტერეზა მეიმ პოსტი მაისის ბოლოს დატოვა. ევროკავშირის დატოვების თაობაზე მისი გეგმა პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო. ლეიბორისტულ პარტიასთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მეიმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა იმის გამო, რომ პრემიერმინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეული ბრექსითის შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო, მეიმ ევროკავშირს გასვლის გადავადება სთხოვა. ამჟამად ბრიტანეთს ევროკავშირის დასატოვებლად დრო 31 ოქტომბრამდე აქვს.

კომენტარები