ხორავას ქუჩის საქმე

შსს: მოვიპოვეთ მტკიცებულებები, როგორ ამბობს კალანდია, რომ რკინის საგანს სარალიძეს ურტყამდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, გამოძიებამ მოიპოვა დამატებითი მტკიცებულებები, "როგორ ახდენდა მიხეილ კალანდია რკინის საგნის დემონსტრირებას და როგორ საუბრობდა იმის შესახებ, თუ როგორ ურტყამდა ამ საგანს გარდაცვლილ სარალიძეს". ამის შესახებ ბორცვაძემ TV იმედის ეთერში ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ჩვენებები, რომლებიც მიხეილ კალანდიას მხრიდან გარკვეული საგნის, ე.წ. ტარის ქონას და ჩხუბის დროს მის გამოყენებას ადასტურებს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ მოიპოვა. მეტიც, ჩანაწერი გამოძიებისთვის საწყის ეტაპზევე იყო ხელმისაწვდომი, თუმცა საგამოძიებო კომისიის შექმნამდე გამოძიებას და პროკურატურას ეს დეტალი არ დაუფიქსირებია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მტკიცებულების მოპოვებისთანავე კომისიამ შსს საქმის კურსში ჩააყენა და დროული რეაგირებისაკენ მოუწოდა. მტკიცებულებების მიხედვით, ე.წ. ტარი მიხეილ კალანდიამ დავით სარალიძესთან ფარდულში ჩხუბისას გამოიყენა, ჩხუბის შემდეგ კი 51-ე სკოლის წინ მეგობრებს აჩვენა და უთხრა, რომ ამ საგანს სარალიძეს ურტყამდა. კომისიამ მოწმეებისაგან მოიპოვა ამ საგნის ესკიზი. ამასთანავე, საქმის მასალებში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აჩვენებს მ.კ. მის მეგობრებს აღნიშნულ საგანს.

შს მინისტრმა ვლადიმერ ბორცვაძემ TV იმედის ეთერში ხორავას ქუჩის მკლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაწყებული ახალი გამოძიების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასობით საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა.

"პირველ ეტაპზე, გარკვეული ეჭვები პირადად მეც გამიჩნდა. თავიდან ბოლომდე ვიყავი ამ საქმეში ჩართული მეც და დავრწმუნდი, რომ გარკვეულმა თანასკოლელებმა, ვინც უშუალოდ იქ იმყოფებოდა, არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან. ამავდროულად, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ერთ-ერთი თანასკოლელი, რომელმაც თავდაპირველი გამოძიების ეტაპზე ჩვენება მისცა, თქვა, რომ "დავინახე, მიხეილ კალანდია როგორ ურტყამდა მუშტს დავით სარალიძეს - სასამართლოში დაკითხვისას ესეც აღარ დაადასტურა და თქვა, რომ ეს გარემოება არ დაუნახავს. ეს ადამიანი ჩვენ ახალი გამოძიების ფარგლებში მივეცით პასუხისგებაში და დღეს უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი ცრუ ჩვენების მიცემისთვის [საუბარია არასრულწლოვან დ.ღ-ზე].

შემდგომ განვითარებულ მოვლენებს რომ მივყვეთ - ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში გავაგრძელეთ საგამოძიებო მოქმედებები, დავკითხეთ ყველა მოწმე ვინც პირველი საქმის გამოძიების ფარგლებში იყვნენ დაკითხული და ჩავატარეთ ასობით საგამოძიებო მოქმედება, ათობით ფარული საგამოძიებო მოქმედება. ასევე დავკითხეთ ისეთი მოწმეები, ვინც საერთოდ არ იყვნენ დაკითხული. გამოძიების შეცდომა არ იყო, რომ ეს ადამიანები იყვნენ ირიბი მოწმეები, ვინც საერთოდ შემთხვევის ადგილზე არ ყოფილან. იმიტომ, რომ იმ დროისთვის, იქ ძალიან ბევრი მოზარდი იმყოფებოდა, ქუჩაზე გამვლელიც ძალიან ბევრი იყო და ბუნებრივია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემცირებული, ანუ მოკლე ვადებიდან გამომდინარე, გამოძიება ყველა ადამიანს, ასობით და ათასობით ადამიანს ვერ დაკითხავდა.

გამოძიების პროცესში ჩვენ დავკითხეთ გარკვეული მოწმეები, რომლისგანაც მივიღეთ გარკვეული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა საუბრები შედგა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემთხვევის ადგილიდან, მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი დასრულდა. ასევე, მოვიპოვეთ დამატებითი მტკიცებულებები მიხეილ კალანდიასთან მიმართებაში, თუ როგორ ახდენდა ის რკინის საგნის დემონსტრირებას და როგორ საუბრობდა იმის შესახებ, თუ როგორ ურტყამდა ამ საგანს გარდაცვლილ სარალიძეს.

მანამ სანამ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანდა, ეს საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდებოდა ინტენსიურად. სააპელაციო სასამართლომ ცალსახად თქვა, რომ გიორგი ჯანაშია არის მკვლელი. თქვა, რომ მან ჯგუფურად ჩაიდინა მკვლელობა და ამავდროულად, თქვა, რომ ჯგუფის წევრი არ არის გუგა ბარბაქაძე. გუგა ბარბაქაძემ მოკლა ლევან დადუნაშვილი და ჯანაშიასთან ერთად ეს ადამიანი  არ არის სარალიძის მკვლელი. ამავდროულად, ცალსახად გაჩნდა იურიდიული ჩარჩო, რომ გვყავდა ჯგუფის წევრი, კიდევ ერთი დამატებითი პიროვნება და ავტომატურ რეჟიმში ჩვენ გვქონდა დამატებითი მტკიცებულებები, მიხეილ კალანდიასთან მიმართებით შეგროვებული. განაჩენის გამოცხადების დღესვე, იმწუთიერად, რა წამს ჩვენ გავეცანით სააპელაციო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილს, ავტომატურად კომუნიკაცია შედგა ჩვენსა და პროკურატურას შორის. პროკურატურის წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში თავიდან ბოლომდე ჩართულნი იყვნენ, ახალი  გამოძიების ფარგლებში. ავტომატურად, ჩვენი აზრები ცალსახად დაემთხვა და ჩვენ საგამოძიებო უწყების და პროკურატურის წარმომადგენლები შევჯერდით, რომ აუცილებელი იყო შეგვეტანა შუამდგომლობა სასამართლოში. ავიღეთ განჩინება და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ" - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით, საქმის მთავარი მოწმე მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავა. 

ევროპული საქართველოს ინიციტიავით შექმნილი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც 2018 წლის 5 სექტემბერს გამოქვეყნდა, ძირითადი რეკომენდაცია სწორედ მიხეილ კალანდიას მიმართ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება იყო. ამასთან, კომისიამ გამოძიების მთავარ დარღვევად სწორედ მიხეილ კალანდიასთვის დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდების წაუყენებლობა დაასახელა. 

საგამოძიებო კომისია ასევე წერდა, რომ გამოძიების მთავარი დარღვევა, მათ შორის, იყო ის, რომ სამართალდამცავი პირები საქმის გამოძიების პროცესში მიკერძოებულები იყვნენ მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ. კომისია 5 სექტემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში ასევე წერდა, რომ მირზა სუბელიანის შვილის დეიდაშვილის, მ.კ.-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, არ გადამოწმდა დანაშაულში მისი მონაწილეობის ვერსია. 

3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანი გ.ჯ დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, დაუდგენელ პირთან ერთად.

ამ გადაწყვეტილებით გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირდა. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა აროშიძემ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშვედ, დავით სარალიძის საქმეზე კი გამოაცხადა, რომ გ.ჯ დამნაშავე იყო არა მკვლელობის, არამედ მკვლელობის მცდელობისთვის.

გ.ჯ-ს სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გ.ბ-ს - სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ეკა აროშიძის 1 წლის წინანდელ გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში კი უდანაშაულოა.

მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მას მაინც დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში ბრალდების მხარეს ჰქონდა გასაჩივრებული.

პროკურატურა ამბობდა, რომ ეკა აროშიძემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თქვა, რომ გ.ბ არ არის დამნაშავე დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში. ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოსგან სწორედ გ.ბ-ს დამნაშავედ ცნობას ითხოვდა.

კომენტარები