აშშ-დიდი ბრიტანეთი

ტრამპი მეის: აშშ მზადაა ბრექსითის შემდეგ ბრიტანეთთან ფენომენალური სავაჭრო შეთანხმებისათვის

დონალდ ტრამპი და ტერეზა მეი
Reuters

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრემიერმინისტრ ტერეზა მეის შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, მათ აშშ-სთან "ფენომენალური" სავაჭრო შეთანხმება ექნებათ, რომლის ფარგლებშიც ვაჭრობა შესაძლოა გაორმაგდეს.

"მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთი ემზადება ევროკავშირის დატოვებისათვის, აშშ ემხრობა ორ ქვეყანას შორის ფენომენალურ სავაჭრო შეთანხმებას." 

მეის თქმით შეხვერდაზე მათ ისაუბრეს არა მხოლოდ იმ კარგ ურთიერთობაზე, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს, არამედ განიხილეს განსხვავებებიც, მათ შორის კლიმატის ცვლილების, ირანის და ჩინეთის საკითხები.

მათ შორის განიხილეს ჩინური ტელეკომუნიკაციების ფირმის, ჰუავეის საითხიც. ტრამპმა დიდ ბრიტანეთს მოუწოდა ჯაშუშობის საფრთხის გამო შეზღუდოს კომპანიის ჩართულობა მათი 5G ტექნოლოგიების განვითარებაში.

"ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას ჰუავეიზეც და სხვა ყველაფერზე. ჩვენ ინფორმაციის გაცვლის მხრივ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და განსხვავებების დაძლევას შევძლებთ. ჩვენ ეს განვიხილეთ. [ბრიტანეთი] არის შესანიშნავი მოკავშირე და პარტნიორი და ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვექნება." თქვა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერთან, ჯერემი კორბინთან შეხვედრაზე მან უარი თქვა და კორბინს "ნეგატიური ძალა" უწოდა.

"მე არ მიყვარს კრიტიკოსები იმდენად, რამდენადაც ის ხალხი, ვინც რეალურად საქმეს აკეთებს - ამიტომ გადავწყვიტე არ შევხვედროდი მას." თქვა ტრამპმა.

პარალელურად ლონდონის ქუჩებში ტრამპის ვიზიტის მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციას შეუერთდნენ ჯერემი კორბინი და ლიბერალ დემოკრატიული და მწვანეთა პარტიის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ტერეზა მეი პრემიერმინისტრის პოსტს რამდენიმე დღეში დატოვებს. მისი შემცვლელის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები